გიორგი ლორიამ კვიპროსის თასის მეორე ეტაპის მატჩში „პაფოსთან“ მოგება შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ 1:0 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
საქართველოს ნაკრებისა და „ანორთოსისის“ მეკარის თქმით, თემურ ქეცბაიამ გუნდს მიმდინარე სეზონში მიზნად ორივე მნიშნელოვანი პრიზის მოპოვება დაუსახა – ჩემპიონობის და თასის მოპოვება.
„ვულოცავ, ქრისტოფისს, რომელმაც ეფექტური გოლი გაიტანა, მაგრამ ასევე ვულოცავ ბუბა დაუშვილს, რომელმაც ფანტასტიკური პასი გააკეთა. 1:0-ის შემდეგ ანგარიშის შენარჩუნება გვსურდა და აღარ შევუტიეთ. თანაც, ისეთი წვიმა წამოვიდა, ასეთ რთულ პირობებში ფეხბურთის თამაში ძალიან ძნელი იყო. იყო შემთხვევები, როდესაც ვერ ვხედავდი, რა ხდებოდა მინდორზე. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას – ჩვენი მიზანია, მოვიგოთ როგორც თასი, ასევე ჩემპიონობა“, – ამბობს გიორგი ლორია.
გიორგი მოედანს მცირე ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა, რის გამოც „ანორთოსისის“ ბოლო შეხვედრა გამოტოვა. ის „პაფოსთან“ შეხვედრაში მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო – საქართველოს ნაკრების მეკარემ „ანორთოსისი“ ორჯერ აშკარა გოლისგან იხსნა.