გიორგი ლომიამ შს მინისტრს მიმართა - გთხოვთ, დაელაპარაკოთ ლგბტ საზოგადოების მსვლელობის ორგანიზატორებს, უარი თქვან მსვლელობაზე და გამოუყოთ შეკრების ადგილი
გიორგი ლომიამ შს მინისტრს მიმართა - გთხოვთ, დაელაპარაკოთ ლგბტ საზოგადოების მსვლელობის ორგანიზატორებს, უარი თქვან მსვლელობაზე და გამოუყოთ შეკრების ადგილი

საპატრიარქოსა და პატრიარქის წინააღმდეგ მიმდინარეობს შავი პიარ-კამპანია, ამისთვის იხარჯება ძალიან დიდი ფული, – ამის შესახებ „პატრიორტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი ლომიამ განაცხადა პარლამენტის პლენალურ სესიაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას უსმენენ.

მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ჯერ არ გამოვლენილა, ვინ დგას ამ კამპანიის უკან.

„თქვენ იცით, რომ ბოლო პერიოდში საპატრიარქოსა და კონკრეტულად პატრიარქის წინააღმდეგ მიმდინარეობს შავი პიარ-კამპანია და ამ შავი პიარ-კამპანიის უკან დგანან არასამთავრობო ორგანიზაციები, ცალკეული მოქალაქეები, სამწუხაროდ, ამაში ჩართული არიან მასმედიის საშუალებები. ამ ყველაფრისთვის იხარჯება ძალიან დიდი ფული. ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენ დღემდე ვერ გამოავლინეთ, ვინ დგას ამ შავი პიარ-კამპანიის სათავეში და დღემდე, ეს ადამიანები არ არიან გამოვლენილი და დასჯილი“, – მიმართა დეპუტატმა შინაგან საქმეთა მინისტრს.

მან 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით ისაუბრა და შინაგან საქმეთა მინისტრს მედიატორის როლის შესრულება სთხოვა.

„პატრიარქმა 17 მაისი გამოაცხადა ოჯახის დღედ. ჩვენ ვიცით, რომ 17 მაისს დაგეგმილია ლგბტ საზოგადოების მსვლელობა, რაც პრინციპში, გამოიწვევს დაპირისპირებას საზოგადოების მეორე ნაწილთან. პოლიცია უნდა იყოს სიმშვიდის გარანტი და მინდა გთხოვოთ, მედიატორის როლი ითამაშოთ ლგბტ საზოგადოებასა და მეორე მხარეს მდგომ საზოგადოებას შორის, დაელაპარაკოთ მსვლელობის ორგანიზატორებს, უარი თქვან ამ მსვლელობაზე, რათა ამან არ გამოიწვიოს ვნებათაღელვა ქვეყანაში. გთხოვოთ, გამოუყოთ ადგილი, სადაც ისინი შეგროვდებიან, ოღონდ ადგილი, რომელსაც გამოუყოფთ, არ უნდა იყოს დაკავშირებული არც ქვეყნის გამარჯვებებთან და არც ქვეყნის სიწმინდეებთან“, – განაცხადა სხდომაზე დეპუტატმა, გიორგი ლომიამ.