გიორგი ლომია - საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე თუ ჩავარდება, პოლიტიკური პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება
გიორგი ლომია - საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე თუ ჩავარდება, პოლიტიკური პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარის, გიორგი ლომიას განცხადებით, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩავარდება, პოლიტიკური პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება, რადგან თავის დროზე, ვაი ოპოზიციას, „ნაციონალურ მოძრაობას“, ხელი შეუწყო, რომ ასეთი პოლიტიკური ფარსი და სპექტაკლები დაედგა.

როგორც საქართველოს პირველ არხს ლომიამ განუცხადა, მისი ფრაქცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

„მიღწეული შეთანხმება 120/30-ზე ის მინიმუმია, რაც შეიძლება გაკეთდეს. არის პროგრამა მაქსიმუმი და მინიმუმი. მაქსიმუმი მაჟორიტარული სისტემის სრულად გაუქმება იქნებოდა, რასაც ვერ მივაღწიეთ და პროგრამა მინიმუმზე გავედით. იმ პოლიტიკურ სპექტაკლებსა და ფარსში მონაწილეობას არ მივიღებთ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ გვთავაზობს, ეს ჩვენთვის უინტერესოა, მაგრამ არაპროგნოზირებადი „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ძნელია იმის თქმა, ჩავარდება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებები. ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებებიდან გამომდინარე არ ჩავარდება, მაგრამ შეიძლება ჩავარდეს, რადგან „ოცნებას“ ახალი პოლიტიკური თამაში შეიძლება მოუნდეს. ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება, რადგან პირველი „გადაგდების“ შემდეგ მისი პასუხისმგებლობა არ მოხსნილა და მომდევნო ეტაპზე რაიმე რომ შეიცვალოს და დანაპირები არ შესრულდეს, „ქართული ოცნება“ იქნება პასუხისმგებელი, რადგან მან თავის დროზე ვაი ოპოზიციას, „ნაციონალურ მოძრაობას“, ხელი შეუწყო, რომ ასეთი პოლიტიკური ფარსი და სპექტაკლები დაედგა“, – განაცხადა ლომიამ.