გიორგი ლომია - სადავო ტერიტორიით საქართველოს არავინ მიიღებს ნატო-ში, გვთავაზობენ, ამ ტერიტორიებზე უარი ვთქვათ, ამაზე იფიქრეთო, გვეუბნებიან
გიორგი ლომია - სადავო ტერიტორიით საქართველოს არავინ მიიღებს ნატო-ში, გვთავაზობენ, ამ ტერიტორიებზე უარი ვთქვათ, ამაზე იფიქრეთო, გვეუბნებიან

რუსეთი სხვა ტერიტორიებსაც წაგართმევს და გეტყვის, ან ახალი საზღვრები აღიარე ან ნატო-ში ვერ შეხვალ, რადგან სადავო ტერიტორიები გაქვს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა გიორგი ლომიამ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის გუშინდელი განცხადების შეფასებისას განაცხადა.

„სადავო ტერიტორიით საქართველოს არავინ მიიღებს ალიანსში. ახლა ჩვენ რას გვთავაზობენ, მოდით, ამ ტერიტორიებზე უარი ვთქვათ. თუმცა, ამას ნიღბავენ იცით როგორ? ამ ტერიტორიებზე უარი დროებით ვთქვათ და ალიანსში შევიდეთ და ეს ტერიტორიები მერე დავიბრუნოთ. ალიანსის რომელიმე წევრი ქვეყანა მოაწერს ხელს, თუკი საქართველო ალიანსში გაწევრიანდება სადავო ტერიტორიებით? არც ერთი ქვეყანა ხელს არ მოაწერს. იმიტომ, რომ ტერიტორია სადავოა ე.ი ეს ქვეყანა მუდმივად ომის საფრთხის წინაშე დგას. ამ ქვეყნის გამო არავის უნდა ჩაებას ომში რუსეთის წინააღმდეგ. ე.ი რას გვაიძულებენ, უნდა ვაღიაროთ და ჩვენი ახალი საზღვრების აღიარება უნდა მოხდეს სოხუმისა და ცხინვალის გარეშე. ამაზე იფიქრეთო, ამას გვეუბნებიან. როდესაც სოხუმისა და ცხინვალის გარეშე აღიარება მოხდება, ალიანსის წევრები გავხდებით, მაგრამ რადგან ამ საზღვრებს ჩვენ თვითონ ვაღიარებთ, არ მგონია ოდესმე ლეგიტიმურად შევძლოთ დავიბრუნოთ სოხუმი ან ცხინვალი“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.

მისივე თქმით, რასმუსენის განცხადება გზავნილია რუსეთის მიმართაც და რუსეთის საქართველოს სხვა ტერიტორიების ოკუპაციასაც მოახდენს.

„ამით რა მესიჯი მიდის რუსეთისკენ. რუსეთს ეუბნებიან, რადგან ცხინვალსა და სოხუმში ჯარი შეიყვანე და ეს რესპუბლიკები აღიარე, მაშინ ჩვენ ახალ საზღვარს დავადგენთ ამ რესპუბლიკების გარეშე და ხელს ვეღარ შეგვიშლი საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაში. რუსეთი ფიქრობს, გორის ტერიტორიასაც შემოვიერთებ და გორის ტერიტორიაც სადავო გახდება. აქ ორი ვარიანტია – ან უნდა აღიაროთ კიდევ ახალი საზღვარი გორის გარეშე ან ნატო-ში ვერ შეხვალთ. ვის წისქვილზე ასხამენ წყალს? რუსეთი სხვა ტერიტორიებსაც წაგართმევს და გეტყვის, ან ახალი საზღვრები აღიარე ან ნატო-ში ვერ შეხვალ, რადგან სადავო ტერიტორიები გაქვს. რატომ უნდა შემომთავაზო ისეთი რამ, რაც ქვეყნისთვის არანაირად მისაღები არ არის. აფხაზეთზე და ცხინვალზე უარის თქმა და ქვეყნის ასეთი საფრთხის წინაშე დაყენება მიუღებელია, როდესც რუსეთს მიეცემა საშუალება, კიდევ ტერიტორია წაგართვას ან საქართველოს ტერიტორიაზე ჯარი შემოიყვანოს. ჩვენით ვაჭრობა რატომ მიდის. ზოგიერთი რომ საუბრობს, რუსეთს თქვენ არ უნდა ელაპარაკოთ და ჩვენი დასავლელი პარტნიორების საშუალებით უნდა ესაუბროთო. რატომ უნდა ველაპარაკო რუსეთს დასავლელი პარტნიორების მეშვეობით და რატომ უნდა ვაძლევდეთ საშუალებას, რომ ჩემით ივაჭრონ. თუ რამე სავაჭროა და შეგვიძლია, რომ წამოვიღოთ, ჩვენ თვითონ ვევაჭროთ და ის რაღაც სიკეთე ჩვენ წამოვიღოთ“, – აღნიშნა გიორგი ლომიამ.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში  გაიმართა, გუშინ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებს, თუ არა  ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე იგივე კითხვას უნდა უპასუხონ ნატო-შიც. ამასთან, მისი თქმით, პირველი ნაბიჯი ამ საკითხზე მსჯელობისთვის საქართველოში უნდა გადაიდგას და შემდეგ უნდა წავიდეს ნატო-ში. „ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ და თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება, რომ აღნიშნული მუხლი მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.