გიორგი ლომია - სააკაშვილის მმართველობის პერიოდში 40-ზე მეტმა ადამიანმა დაკარგა თვალი, არ მინახავს ეს ხალხი გარეთ გამოსული, აქცია რომ მოეწყოთ 
გიორგი ლომია - სააკაშვილის მმართველობის პერიოდში 40-ზე მეტმა ადამიანმა დაკარგა თვალი, არ მინახავს ეს ხალხი გარეთ გამოსული, აქცია რომ მოეწყოთ 

სააკაშვილის მმართველობის პერიოდში 40-ზე მეტმა ადამიანმა დაკარგა თვალი, არ მინახავს ეს ხალხი გარეთ გამოსული, ხელი თვალზე აფარებული და პროტესტის ნიშნად აქცია, რომ მოეწყოთ, – ამის შესახებ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსისა და სოციალ-დემოკრატების“ სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტატმა, გიორგი ლომიამ განაცხადა.

მან 20-21 ივნისის მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგიერთი პოლიციელი გამიზნულად ისროდა. დეპუტატმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას კითხვა დაუსვა, გამიზნულ დივერსიას ხომ არ ჰქონდა ადგილი.

„თქვენ ამ ბრძანებას არ გასცემდით, რომ ვინმესთვის თვალში ესროლა პოლიციელს, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ჩვენ პოლიტიკურ დივერსიასთან ხომ არ გვაქვს საქმე, ხომ არ არიან ის ადამიანები დარჩენილი სისტემაში, რომლებიც დღესაც ერთგულად ემსახურებიან „ნაცმოძრაობას“ და მათ ლიდერებს, როგორიც არის სააკაშვილი, ბოკერია და ა.შ. არაერთხელ მსმენია პოლიციელების მხრიდანაც, რომლებიც კარგად იხსენებდნენ იმ პერიოდს, როდესაც მსახურობდნენ პოლიციაში და მათი შს მინისტრი იყო ვანო მერაბიშვილი, კარგად იხსენებენ იმ პერიოდს და ძალიან ცუდად საუბრობენ დღევანდელ პერიოდზე. აქედან გამომდინარე, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანებს შეგნებულად შეუძლიათ, ბევრ რამეში ხელი შეუშალონ დღევანდელ სამართალდამცველებს, ვინაიდან გამოიწვიონ უკმაყოფილება საზოგადოებაში. ამასთან ხომ არა გვაქვს საქმე, თქვენ თვითონ ხომ არ გიფიქრიათ ამაზე და თუ გიფიქრიათ, რა ნაბიჯი გადადგით, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება, შემთხვევით მოხვდა ტყვია თვალში, თუ პოლიციელმა მიზანმიმართულად ესროლა.

სააკაშვილის მმართველობის პერიოდში 40-ზე მეტმა ადამიანმა დაკარგა თვალი. ერთ- ერთი არის ჩვენი პარტიის წევრი ბესო ტაბატაძე. მე არ მინახავს ეს ხალხი გარეთ გამოსული, ხელი თვალზე აფარებული და პროტესტის ნიშნად რაღაც აქცია, რომ მოეწყოთ“, – განაცხადა ლომიამ ფრაქციის სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

დატოვე კომენტარი