გიორგი ლომია - რუსეთის მიმართ ეს გზავნილი რამდენიმე წლის წინ რომ გაკეთებულიყო, სავარაუდოდ ბევრ ტრაგედიას აგვაცილებდა
გიორგი ლომია - რუსეთის მიმართ ეს გზავნილი რამდენიმე წლის წინ რომ გაკეთებულიყო, სავარაუდოდ ბევრ ტრაგედიას აგვაცილებდა

პრემიერის წერილი პოზიტიურად შევაფასეთ და ვთქვით, რომ რუსეთის მიმართ ეს გზავნილი რამდენიმე წლის წინ რომ გაკეთებულიყო, სავარაუდოდ, ბევრ ტრაგედიას აგვაცილებდა, – ამის შესახებ “საქართველოს პარიოტთა ალიანსის” წევრმა, გიორგი ლომიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„პრემიერის წერილმა შესაძლოა, პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა, რადგან ჩვენი ორი მოქალაქის გათავისუფლება მოხდა და ისტერიკა, რომელიც ამ ამბის გარშემო ატყდა, ხელოვნურადაა შექმნილი. ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ ამ ისტერიკას ის ადამიანები ტეხენ, რომლებმაც 2008 წელს სამხედრო კამპანია დაიწყეს და რუსეთის ხელით საქართველოს ოკუპაცია მოახდინეს“, – განაცხადა ლომიამ.

მისი თქმით, რუსეთმა საქართველოს ინტერვენცია მოახდინა, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მანამდე იცოდა, რომ თუ საქართველო სამშვიდობო ძალებს თავს დაესხმებოდა, რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ყველა შემთხვევაში ჯარს შემოიყვანდა. 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამხედრო კამპანია მაინც განახორციელა. მერე, უკვე 9 აგვისტოს, საზღვარზე ერთმანეთს ასწრებდნენ და ვინ სად გარბოდა, ღმერთმა იცის. სამწუხაროა, რომ დღეს მათ იმის საშუალებას ვაძლევთ, ისევ იმ რიტორიკის აღდგენაზე, მკაცრი რეგულაციების შემოღებაზე, სანქციებსა და რეზოლუციებზე ისაუბრონ. ეს ხალხი თავის დროზე რომ არ დავსაჯეთ, ქვეყნისთვის ყველაზე დიდი პრობლემა და ტრაგედიაა“, – განაცხადა ლომიამ.

როგორც “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წევრმა აღნიშნა, საქართველო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის მოლოდინშია და ასეთ ვითარებაში რუსეთის მისამართით რეზოლუციების მიღებითა და მკაცრი საუბრით პროცესი უფრო გაჭიანურდება, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ კარგად ესმის, მაგრამ ისინი სწორედ ამას ცდილობენ, რათა მეტი სალაპარაკო მიეცეთ.

მისივე თქმით, იმაზე არავინ დაობს, რომ რუსეთი ოკუპანტია.

„რუსეთის დუმა–ში შეხვედრების დროს ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ სანამ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარი დგას, ის ყოველთვის ოკუპანტი იქნება. ეს მათაც ესმით, მაგრამ ვსვამ კითხვას, ვის დავალებას ასრულებს ხალხი, რომელიც ისტერიკას ტეხს და რატომ ცდილობენ, რუსეთის მიმართ მკაცრი რიტორიკა თავს მოგვახვიონ, დაგვაშინონ იმით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენზე უარს იტყვის?! საერთაშორისო თანამეგობრობას არ სურს, მუდმივად საფრთხის ქვეშ ვცხოვრობდეთ. პირიქით, ყველას სურს, სიტუაცია დალაგდეს, რაც რუსეთთან, აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის გზით არის შესაძლებელი“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.