გიორგი ლომია - „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტი ქვეყანას სიკეთეს მოუტანს, თუ პირველ ნაბიჯს არ გადავდგამთ, უფრო დავშორდებით აფხაზეთსაც და ოსეთსაც
გიორგი ლომია - „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტი ქვეყანას სიკეთეს მოუტანს, თუ პირველ ნაბიჯს არ გადავდგამთ, უფრო დავშორდებით აფხაზეთსაც და ოსეთსაც

საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარის, გიორგი ლომიას განცხადებით, მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში, მსჯელობას საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის აღდგენასა და სანქციების მოხსნაზე გეგმავენ.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლომიამ განაცხადა, მოსკოვში შეხვედრებს ის, ადა მარშანია და გოჩა თევდორაძე გამართავენ, სადაც 15 ივლისს ლეონიდ კალაშნიკოვს შეხვდებიან, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელ კონსტანტინ კოსაჩოვთან შეხვედრის დრო კი, დაზუსტდება.

მისი თქმით, 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ, რუსეთთან ისედაც რთული ურთიერთობა ძალიან დაიძაბა.

„გზავნილები შეწყდა, 40 ათასზე მეტი ჯავშანი გაუქმდა, პირდაპირი ფრენა შეწყდა. ასევე ჩვენი პროდუქცია აღარ გავა რუსეთის ფედერაციაში, ანუ, ფაქტობრივად, სერიოზული ეკონომიკური ზარალი განვიცადეთ. „პატრიოტთა ალიანსმა“ გადაწყვეტილება მიიღო, მოსკოვში ჩასულიყო, სადაც რუს კოლეგებს უნდა შევხვდეთ, რათა რამენაირად საქართველოს წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციები შევარბილოთ და საბოლოო ჯამში, საერთოდ მოვახსნევინოთ. დარწმუნებული ვართ, რომ მოსკოვში ჩვენი ვიზიტი ქვეყანას სიკეთეს მოუტანს“, – აღნიშნავს ლომია.

კითხვაზე, ფრენების გარდა, რომელ სანქციას გულისხმობდა, ლომია პასუხობს, რომ დუმის დეპუტატები ხელისუფლებას სთხოვენ, საქართველოს წინააღმდეგ გარკვეული სანქციები აამოქმედოს.

„რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მას არ სურს, სანქციები აამოქმედოს, მაგრამ მიუხედავად ამისა, დუმამ მთავრობას სასანქციო პაკეტი მაინც გადაუგზავნა. მოსკოვში ზუსტად იმისთვის ჩავდივართ, რომ ჩვენს რუს კოლეგებს პრევენციულად გავესაუბროთ და ვთხოვოთ, სასანქციო პაკეტი გამოიწვიონ, რომ ეს სანქციები არ ამოქმედდეს. დუმის დეპუტატებს ვესაუბრე და მათ დამიდასტურეს, რომ პაკეტი გადაგზავნილია, ახლა ხელისუფლებას სთხოვენ, საქართველოს წინააღმდეგ გარკვეული სანქციები აამოქმედოს. ქუჩებში ქართველების შემოწმება დაიწყეს, გვირეკავენ, რა ხდებაო?! როცა ქართველი ქუჩაში დადის, თუ რეგისტრაცია არ აქვს, დეპორტაციას ექვემდებარებიან. უკვე გარკვეულწილად მოქმედებს სანქციები. ყველანაირი ურთიერთობა ჩაიკეტება, როცა სანქციებს მიიღებენ. დღევანდელ რეალობაში დიალოგის გარეშე არაფერი არ კეთდება. თუ პირველი ნაბიჯი არ გადავდგით, ხვალ კიდევ უფრო დავშორდებით აფხაზეთსაც და ოსეთსაც“, – აღნიშნავს ლომია.

ამასთან, კითხვაზე, იგეგმება თუ არა სერგეი გავრილოვთან შეხვედრა, ლომია პასუხობს, რომ ამის შესახებ არაფერია ცნობილი.

„გავრილოვის შესახებ არაფერია ცნობილი. ინტერნეტიდან გავიგე, რომ ქართულ დელეგაციასთან შეხვედრა სურს. შეხვედრა დუმაში კალაშნიკოვთან გვაქვს. თუ გავრილოვს შეხვედრის სურვილი ექნება, არავის არ ვემალებით. ნებისმიერ დეპუტატს შევხვდებით დუმასა და ფედერაციის საბჭოში“, – დასძინა ლომიამ.