გიორგი ლომია - მთავრობა პიარის კუთხით ძალიან ცუდად მუშაობს
გიორგი ლომია - მთავრობა პიარის კუთხით ძალიან ცუდად მუშაობს

ძალიან ცუდად მუშაობს თქვენი მთავრობა პიარის კუთხით, პირდაპირ გეუბნებით, – ასე მიმართა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსისა და სოციალ-დემოკრატების“ სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტატმა, გიორგი ლომიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას 20-21 ივნისის მოვლენებზე საუბრისას.

მისი თქმით, ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, რაც ძალიან ცუდია და მსგავსი რამ არ უნდა განმეორდეს. შესაბამისად, მისი თქმით, „პატრიორტთა ალიანსი“ ინიციატივით გამოდის, რეზინის ტყვიები საერთოდ აიკრძალოს.

„გამოვდივართ ინიციატივით, საერთოდ აიკრძალოს რეზინის ტყვიები, საკმარისია წყლით დაშლა და მხუთავი აირით. ეს ცალკე თემაა, ამასთან დაკავშირებით კანონპროექტს შემოვიტანთ, მაგრამ ძალიან ცუდად მუშაობთ პიარის თვალსაზრისით და ეს აისახება მთლიანად ქვეყანაზე. გამოდის, იმ პერიოდში უფრო კარგი ცხოვრება იყო საქართველოში და ადამიანები ახლა ნატრულობენ, ზოგიერთი საზოგადოების წევრი ნატრულობს იმ პერიოდს. თუმცა ბუნებრივია, გაცილებით უარეს დღეში  იყვნენ ბიზნესმენებიც, ჩვეულებრივი მოქალაქეებიც და გადაჭედილი ციხეები გვახსოვს, პროკურატურაც, რომელმაც მილიარდამდე გაზარდა საკუთარი ბიუჯეტი საპროცესო გარიგებებით. დღეს გვესმის სააკაშვილის განცხადებები უცხოეთიდან, რომ თურმე ციხეები უნდა დაიშალოს, დავანგრიოთ საქართველოში ციხეები და ა.შ. ჩემი აშენებულია ეს ციხეები ახლა რომ გამოდის და ამბობს, უნდა დავანგრიოთო? მისი აშენებულია და კიდე შენდებოდა. პიარის თვალსაზრისით ვერანაირი ნაბიჯი ვერ დავინახე თქვენი ხელისუფლების მხრიდან, რომ ხალხმა გაიგოს სწორად, რომ ეს ჩვეულებრივი მორიგი ტყუილია „ნაცმოძრაობის“ მხრიდან, ოღონდ რამენაირად ჩაიგდონ ძალაუფლება“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, მან გახარიას ჰკითხა, რატომ არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე რევოლუციურ სცენართან დაკავშირებით, რაზეც 2014 წლიდან ფლობდა ხელისუფლება ინფორმაციას და ჩაბაწერებიც გამოქვეყნდა.

დეპუტატმა წინა ხელისუფლების დროს „რუსთავი 2“-ის და „იბერიის“ მფლობელებისთვის წართმევაზე, ასევე „იმედის“ დარბევაზე ისაუბრა, რაც მისი თქმით, ხალხს დაავიწყდა არასწორი პიარის გამო.

„არასწორი კი არა, საერთოდ არ მიმდინარეობს პიარი ხელუსფლების მხრიდან, არადა, ეს თვენი პირდაპირი მოვალეობაა, რათა ხალხს გააგებინოთ, სად არის სიმართლე და სად არის ტყუილი. როდესაც თქვენ არ მოქმედებთ, საზოგადოებას ჰქონია, რომ მართლა სუსტები ხართ, მართლა მტყუანი ხართ, აქედან გამომდინარე, სუსტი და მტყუანი ხელისუფლება არავის უნდა“, – განაცხადა ლომიამ.

ამასთან, მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრობის დროს ხშირად სმენია ღარიბაშვილის განცხადებები, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაიხუროს და, რომ ის ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ორგანიზაციაა.

„ძალიან მომწონდა თქვენი გამოსვლები, მართალი ბრძანდებით, მაგრამ ვერ დავინახე შემდგომ ქმედებითი ნაბიჯი, რომ ამ ორგანიზაციამ შეწყვიტოს პოლიტიკური აქტივობა. პირიქით, თქვენი ხელისუფლების სხვადასხვა წევრის მხრიდან მხარდაჭერაც კი ჰქონდა ამ ორგანიზაციას. შემიძლია დავასახელო, მაგალითად, ყოფილი პრემიერი კვირიკაშვილი და ბევრი სხვა. კოაბიტაციის რეჟიმში შესვლა, ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა. როდის აპირებთ ამ შეცდომის გამოსწორებას. თქვენი ხელისუფლების მოღვაწეობის პერიოდში, ფაქტიურად თქვენ გააძლიერეთ ეს ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკურად მკვდარი იყო 2013 წელს“, – მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი ლომიამ.