გიორგი ლომია – მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც უარს იტყვიან ფინანსური დახმარების პროექტზე, დაკავშირებული იქნებიან „ნაცმოძრაობასთან“
მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც უარს იტყვიან, შეუერთდნენ ფინანსური დახმარების პროექტს, დაკავშირებული იქნებიან „ნაცმოძრაობასთან“, – ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა გიორგი ლომიამ განაცხადა.
როგორც გიორგი ლომიამ აღნიშნა, მიესალმება მთავრობის ინიციატივას, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდებათ.
ამასთან, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გიორგი ლომიამ უმრავლესობის წევრებს მიმართა, მოსახლეობას აუხსნან, ვინ არის „ვივუსის“ ხელმძღვანელი.
„მივესალმები მთავრობის ინიციატივას, რომ 600 ათასი ადამიანი ამოვარდება იმ „შავი სიიდან“ და ფონდი „ქართუ“ დაფარავს მათ დავალიანებას. „ვივუსმა“ განაცხადა, რომ არ შეუერთდება ამ ფინანსური დახმარების პროექტს და სხვა მიკროსაფინანსოებშიც აცხადებენ, რომ „შავი სიიდან“ არ ამოაგდებენ იმ ადამიანებს. უმრავლესობას მივმართავ, რას მოიმოქმედებთ, ასევე, იქნებ შეახსენოთ ხალხს, ვინ არის „ვივუსის“, საფინანსო-საკრედიტო დაწესებულების ხელმძღვანელი, აუხსნათ ხალხს, როგორ და რა ფულით შეიქმნა „ვივუსი“, საიდან ჰქონდა იმ ადამიანს ფული, სად მუშაობდა, ვისი ფულით გასცემდა კრედიტებს. ის მიკროსაფინანსოები, რომლებიც უარს იტყვიან, შეუერთდნენ ამ ფინანსური დახმარების პროექტს, იქნებ ლუსტრაცია მოახდინოთ. გარწმუნებთ, ყველა იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი დაკავშირებულია „ნაცმოძრაობასთან“. იქნებ გააგებინოთ მოსახლეობას, რომ მეორე ტურის წინ „ნაცმოძრაობის“ ამოცანაა, მაქსიმალურად ხელი შეგიშალოთ და თქვენს წინააღმდეგ განაწყოს მოსახლეობა. ამიტომ ლუსტრაცია მოახდინეთ, ვინ არიან იმ მიკროსაფინანსოების ხელმძღვანელები. ისინი პირდაპირ იქნებიან დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“, – განაცხადა ლომიამ.