გიორგი ლომია - ხალხმა „ქართულ ოცნებას“ დაანახა, რომ ხმას მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლის შიშით არ მისცემს
გიორგი ლომია - ხალხმა „ქართულ ოცნებას“ დაანახა, რომ ხმას მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლის შიშით არ მისცემს

არჩევნების შედეგები იმ უმადური საქციელით დადგა, რაც ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის მიმართ ჩაიდინა, – ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

„ექვსი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ დააწინაურა და დასაქმებულად დატოვა ხალხი, რომელიც თავის დროზე „მიშა მაგარია“-ს და „ბადრის რა“-ს ყვიროდა. დღეს კი, ბარიკადებზე დგომა და „ქართული ოცნების“ დაცვა ისევ იმ ადამიანებს უწევთ, რომლებსაც ნაციონალები ხელკეტებს ურტყამდნენ და ამცირებდნენ“, – განაცხადა ლომიამ.

მისი თქმით, ხალხმა სიბრძნე გამოიჩინა და „ქართულ ოცნებას“ დაანახა, რომ მას ხმას მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლის შიშით არ მისცემს.

„ქართულმა ოცნებამ“ სამართლიანობა თავის დროზე იმიტომ არ აღადგინა და ნაცმოძრაობის ისტებლიშმენტი იმიტომ არ დასაჯა, რომ მას ეს „ბუა“ ჰყოლოდა, რომლის ფონზეც მუდმივად ხელისუფლებაში იქნებოდა, მაგრამ ხალხმა ეს გაიგო, გაშიფრა და არჩევნებზე თითი დაუქნია“, – განაცხადა ლომიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ ჩაერთო წინასაარჩევნო მარათონში „საქართველოს პატრიოტები“, თუ ასეთი რეალობის დადგომის მოლოდინი წინასწარ იყო, გიორგი ლომიამ განაცხადა, რომ მათ თავიანთ ამომრჩეველს სრული თავისუფლება მისცეს, რათა მათ, ხელისუფლების ამომრჩევლებთან ერთად, „ქართული ოცნებისთვის“ ხელი დაექნიათ.

როგორც ლომიამ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ სოციოლოგიური გამოკითხვა რომ ჩაეტარებინა, მიხვდებოდნენ, რომ მხარდაჭერა არ აქვთ და ვინმე სხვა კანდიდატურას დააყენებდნენ.

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ხვალ, პარტიის პოლიტსაბჭო სრული შემადგენლობით იკრიბება, სადაც დაიგეგმება, თუ როგორ იმოქმედებენ არჩევნების მეორე ტურში.

„რა თქმა უნდა, გაცნობებთ, პირდაპირი მხარდაჭერა გვექნება, ირიბი, თუ რა, მაგრამ ჩვენთვის და საქართველოსთვის ამოცანა ერთია – არა ნაცმოძრაობას!“, – განაცხადა ლომიამ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა არ გაზრდილა, უბრალოდ, 300 000-მა ამომრჩეველმა, პირველ ტურში, ტესტის რეჟიმში, „ქართულ ოცნებას“ უთხრა, რომ თუ გონს არ მოეგება, ისეთ არჩევანს გააკეთებს, რომელიც ხელისუფლებას არ მოეწონება.