გიორგი ლომია - გავაკეთეთ განცხადება, რომ ბანერზე აჭარის ფერი უნდა ყოფილიყო სხვა, შეცდომა იყო, მაგრამ იქ ეწერა SOS, რაც ნიშნავს არა ოკუპირებულ ტერიტორიას, არამედ საგანგაშო მდგომარეობას
გიორგი ლომია - გავაკეთეთ განცხადება, რომ ბანერზე აჭარის ფერი უნდა ყოფილიყო სხვა, შეცდომა იყო, მაგრამ იქ ეწერა SOS, რაც ნიშნავს არა ოკუპირებულ ტერიტორიას, არამედ საგანგაშო მდგომარეობას

ჩვენს ინტერპრეტაციას რომ სხვა შეცვლის და სხვა ინტერპრეტაციით გამოვა, თითქოს შუღლს ვაღვივებთ, ამის უფლება არ აქვს, – ასე ეხმაურება „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გიორგი ლომია, აჭარაში „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებებს.

მისი თქმით, აღნიშნული ბანერი ორ ქვეყანას შუღლის გაღვივებას ვერ მოახდენდა.

„მინდა გამოვეხმაურო პრობლემას, რომელიც აჭარაში ბანერებთან დაკავშირებით მოხდა. ჩვენ უკვე გავაკეთეთ განცხადება, რომ აჭარის ფერი უნდა ყოფილიყო სხვა, ეს შეცდომა იყო, მაგრამ რომც არ ყოფილიყო იქ ეწერა SOS, ეს არ ნიშნავს, რომ ოკუპირებული ტერიტორიაა,  ეს  იმას ნიშნავს, რომ საგანგაშოა მდგომარეობა და ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ რეგიონს. ჩვენს ინტერპრეტაციას რომ სხვა შეცვლის და სხვა ინტერპრეტაციით გამოვა, თითქოს შუღლს ვაღვივებთ, ამის უფლება არ აქვს. ხომ გვინდა დემოკრატიულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ყველას გვაქვს სიტყვის თავისუფლება და აქედან გამომდინარე, დავაფიქსირეთ ჩვენი აზრი. ეს ჩვენი აზრია და შესაძლოა, ჩვენი გამოხატვა  არ ემთხვევა მათი აზრის გამოხატვას, მაგრამ საერთოდ არ მაინტერესებს ისინი რას ფიქრობენ. რაც შეეხება შუღლის გაღვივებას ორ ქვეყანას შორის, არ მესმის ეს როგორ შეიძლება მოხდეს. იმ ქვეყანას თავისი ინტერესები აქვს და ჩვენს ქვეყანას თავისი. ჩვენ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უნდა ვიცავდეთ“, – განაცხადა ლომიამ.

საუბარია, აჭარაში „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ განთავსებულ საარჩევნო ბანერზე, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად არის მონიშნული და წერია: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“. ამჟამად, აღნიშნული ბანერი ჩამოხსნილია.