გიორგი ლომია – გამოცდების შესახებ კანონპროექტი ჩავარდა, რადგან დეპუტატებმა მესიჯები თავის დროზე ვერ მიიღეს
ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარის გიორგი ლომიას განცხადებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტის კენჭისყრაზე ჩავარდნის მიზეზი ტექნიკური პრობლემა არ იყო, პრობლემები თავად მმართველ გუნდშია.
როგორც ჟურნალისტებს ლომიამ განუცხადა, სხდომათა დარბაზში აკუსტიკის პრობლემა არსებობს, მაგრამ კანონპროექტის ჩავარდნის მიზეზი ტექნიკური პრობლემა არ იყო.
„დეპუტატებმა მესიჯები თავის დროზე ვერ მიიღეს, რომელი კანონპროექტისთვის უნდა დაეჭირათ მხარი და რომლისთვის – არა. ეს უმრავლესობამ გვიან გაიგო. კანონპროექტს ხმა წინააღმდეგ მივეცით და თუ ჩვენ ვიცოდით, თითს რას ვაჭერდით, ეს მათაც ხომ ესმოდათ? ეს ტექნიკური პრობლემა არ იყო, გუნდში აქვთ პრობლემა. სამწუხაროა, რომ უმრავლესობის წევრები საკუთარ აზრს ვერ გამოხატავენ და ვიღაცის დაკვეთას ასრულებენ”, – განაცხადა ლომიამ.
საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტი ჩავარდა. დეპუტატებმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტს დღეს უყარეს კენჭი, ცვლილებებს 54 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი არ გამორიცხავს, რომ კანონპროექტს შესაძლოა, განმეორებით დღესვე უყარონ კენჭი.