გიორგი ლომია - ეს მაჟორიტარები უპასუხისმგებლო ადამიანები არიან
გიორგი ლომია - ეს მაჟორიტარები უპასუხისმგებლო ადამიანები არიან

ეს მაჟორიტარები უპასუხისმგებლო ადამიანები არიან, – ამის შესახებ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხთან დაკავშირებით დისკუსიის შესახებ განაცხადა.

„სამწუხაროდ, ჩემ კოლეგებზე მიწევს საუბარი, მაგრამ არანაირი მოლდოვის მაგალითი არ არის იმის საბაბი, რომ ადამიანმა საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალოს. იმ ადამიანს ერთი წამითაც არ უფიქრია სახელმწიფოზე, რომ ეფიქრა, მიხვდებოდა, რომ შეიძლება, უმართავ პროცესებამდე მივიდეთ, ქუჩას ვგულისხმობ და ეს უმართავი პროცესი მის კისერზე იქნება“, – განაცხადა ლომიამ.

მისი თქმით, რიგ მაჟორიტარებს უბრალოდ, არ უნდათ, დათმონ ფეოდალური წყობა, რომელიც თავის დროზე ააწყვეს.

„ყველა მაჟორიტარზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ბევრ მაჟორიტარს თავის რეგიონში შექმნილი აქვს რაღაც საკუთარი ბიზნესები, სადაც ხალხი ჰყავს დასაქმებული და ის ხალხი დარწმუნებულია, რომ თუ ეს მაჟორიტარი პარლამენტში მანდატს დაკარგავს, ის სამუშაო ადგილს დაკარგავს და უმუშევარი დარჩება. მათ რეგიონებში მთელი მაჟორიტარული სისტემა ამაზეა აწყობილი“, – განაცხადა ლომიამ. 

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ იმ მაჟორიტარების უმრავლესობას, ვინც დღეს კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის, ხალხი ძალიან უარყოფითად უყურებს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად იყო ამოწურული იმის რესურსი, რომ მაჟორიტარულ სისტემას მანკიერი მხარე ჩამოშორებოდა და დარჩენილიყო ის, რაც შეიძლება, გარკვეული დროის შემდეგ დაბრუნდეს, გიორგი ლომიამ განაცხადა, რომ ეს რესურსი თითქმის, ბოლომდე იყო ამოწურული.

„თვითონ მაჟორიტარის ინტერესებში არ შედიოდა, რეგიონებში თვითმმართველობა ამუშავებულიყო, ვინაიდან ის კარგავდა თითქოსდა, მედიატორის როლს თვითმმართველობას, სამინისტროსა და მთავრობას შორის. მაჟორიტარი ფაქტობრივად, თავის როლს კარგავდა. აქედან გამომდინარე, რაზე ვსაუბრობთ?! ჩვენ მათ ძალით უნდა დავაკარგვინოთ ეს როლი, თვითმმართველობა გავაძლიეროთ და რაღაც პერიოდის შემდეგ თუ ვნახავთ, რომ თვითმმართველობა და ადგილობრივი მთავრობა კარგად მუშაობს, შეგვიძლია, ისევ მაჟორიტარული სისტემა შემოვიღოთ“, – განაცხადა ლომიამ.

შეკითხვაზე, შეუშლის თუ არა ხელს რეგიონების და მათ შორის, თვითმმართველობების განვითარებას ის, რომ პარლამენტში რეგიონული წარმომადგენლობა არ იქნება, გიორგი ლომიამ აღნიშნა, რომ კანონპროექტი თვითონ საპარლამენტო უმრავლესობასაც აქვს შემუშავებული, თუ როგორ უნდა დალაგდეს სიები ისე, რომ პარლამენტში რეგიონის წარმომადგენელი იყოს. მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ არც ამას ეთანხმება და ამბობს, რომ ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე გადავიდეს და პარტიებს რეგიონებში პარტიის წარმომადგენლები ჰყავდეთ.

„რამდენად კარგად იმუშავებს, ზუსტად ეს იქნება იმის წინაპირობა მომავალი პარლამენტისთვის, ამ ადამიანს აირჩევენ თუ არ აირჩევენ. ჩვენ ვიქნებით პარლამენტში ის ჯარი, რომელიც რეგიონებში ჩვენი წარმომადგენლების კანონპროექტს გავიტანთ, მხარს დავუჭერთ და ა.შ.“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.