გიორგი ლომია - ამაზრზენია, როცა პარლამენტის ვიცე-სპიკერს არა მხოლოდ აზრის გამოხატვის საშუალებას არ აძლევენ, არამედ ფიზიკურადაც კი ეხებიან
გიორგი ლომია - ამაზრზენია, როცა პარლამენტის ვიცე-სპიკერს არა მხოლოდ აზრის გამოხატვის საშუალებას არ აძლევენ, არამედ ფიზიკურადაც კი ეხებიან

რაც დღეს სასტუმრო „რუმსში“ მოხდა, საერთოდ ამაზრზენია, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მოდის, რომ თავისი აზრი დააფიქსიროს და არა მხოლოდ არ აძლევენ ამის უფლებას, არამედ ფიზიკურადაც კი ეხებიან, აგდებენ,  ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა დეპუტატმა, გიორგი ლომიამ განაცხადა, რომელიც თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, სხვა ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს უფლება ისე მიმართოს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს, როგორც ირმა ინაშვილს მიმართეს.

„რაც დღეს სასტუმრო „რუმსში“ მოხდა, საერთოდ ამაზრზენია, მარაზმთან გვაქვს საქმე. ვიცე-სპიკერი მიდის, უნდა, დაესწროს კონფერენციას და სიტყვით გამოვიდეს. დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ ხო? ის პოლიტიკური ძალა და მათი პატრონები, ასე ვთქვათ, დასავლელი პატრონები, რომელთაც მოაწყვეს „რუმსში“ ეს პრესკონფერენცია, დემოკრატიაზე დებენ თავს, რომ დემოკრატიულად აზროვნებენ, როდესაც პარლამენტის ვიცე-სპიკერი მოდის, რომ თავისი აზრი დააფიქსიროს, არა დედა აგინოს ან ჩაუშალოს კონფერენცია, არამედ კონსტრუქციული აზრი გამოხატოს, მას არა მხოლოდ არ აძლევენ ამის უფლებას, არამედ ფიზიკურადაც კი ეხებიან. ფიზიკურად ეხებიან და აგდებენ. „ვინა ხარ შენ“ – რა უფლება აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეს ასე მიმართოს ჩვენი ქვეყნის ვიცე-სპიკერს. მართლა კოლონია ხომ არ ვართ, 51-ე შტატი ხომ არ ვართ? ქართველები ვართ ხალხო და ჩვენ ჩვენი ღირსება გაგვაჩნია“, – განაცხადა ლომიამ.

ამასთან, დეპუტატი ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას გამოეხმაურა მეხუთე მუხლთან დაკავშირებით.

„დღეს რაც წავიკითხე, ჩვენ გვთავაზობენ, რომ აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე უარი ვთქვათ და ნატო-ში გავწევრიანდეთ და ჩვენი გადასაწყვეტია თურმე ეს, მაგრამ ამაზე მსჯელობა უნდა დავიწყოთ. რა მსჯელობა უნდა დავიწყოთ? რომელი ერთი მოაწერს ხელს ტერიტორიების დაკარგვას, რის მაგივრადაც ჩვენ ნატო-ში გავწევრიანდებით? რომელიმე თქვენგანი მოაწერს ამას ხელს? ეს შეურაცხყოფაა ქართველი კაცისთვის. ამას რატომ გვთავაზობენ? რატომ ბედავენ ამას საერთოდ“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, მისი თქმით, კანონში მკაფიოდ უნდა გაიწეროს, რა არის შეურაცხყოფა და რა სიტყვის თავისუფლება.

„გეუბნებით, რომ კანონში ცვლილებებია შესატანი, სადაც მკაფიოდ უნდა გაიწეროს, რა არის შეურაცხყოფა და რა არის სიტყვის თავისუფლება“, – განაცხადა ლომიამ.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რუსმში“ მიმდინარეობს, ხმაური იყო.  კონფერენციაზე ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიერი ირმა ინაშვილი მივიდა, რომელსაც სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. ამასთან, „ობიექტივის“ ჟურნალისტი აპროტესტებდა, რომ კონფერენციაზე არ მისცეს უფლება, კითხვა დაესვა. ცოტა ხნის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი მივიდა, რომელმაც ჟურნალისტებსა და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.

ამასთან, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებს, თუ არა  ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე იგივე კითხვას უნდა უპასუხონ ნატო-შიც. ამასთან, მისი თქმით, პირველი ნაბიჯი ამ საკითხზე მსჯელობისთვის საქართველოში უნდა გადაიდგას და შემდეგ უნდა წავიდეს ნატო-ში. „ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ და თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება, რომ აღნიშნული მუხლი, მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.