გიორგი ლაღიძე - საზოგადოება დაიღალა გაუთავებელი კინკლაობით, ქიშპობით და საქართველოში დადგა ცვლილებების დრო

საზოგადოება დაიღალა გაუთავებელი კინკლაობით, დაიღალა გაუთავებელი ქიშპობით და საქართველოში დადგა ცვლილებების დრო, – ამის შესახებ „გიორგი ლაღიძე მომავალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი ლაღიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2021“ სტუმრობისას განაცხადა.

როგორც გიორგი ლაღიძემ აღნიშნა, პოლიტიკურ ველზე ახალი პოლიტიკური ძალები უნდა შემოვიდეს.

„მინდა გითხრათ, რომ ეს არის შესაძლებლობა და პირველი შემთხვევაა, როდესაც კვალიფიციური და არაკვალიფიციური სუბიექტები ერთად დებატებზე ვიმყოფებით, ამის ინიციატორს დიდი მადლობა. თუმცა, ფაქტი ერთია, დღეს საქართველოში არის უკიდურესად დისკრიმინაციული წინასაარჩევნო გარემო. ჩვენ არ გვაქვს რეკლამების განთავსების საშუალება, არ გვაქვს ძვირადღირებული ბილბორდების გაკეთების საშუალება. საზოგადოება დაიღალა გაუთავებელი კინკლაობით. დაიღალა ამ გაუთავებელი ქიშპობით და საქართველოში დადგა ცვლილებების დრო. ეს ცვლილებები უნდა განხორციელდეს ახალი პოლიტიკური ძალების შემოსვლით პოლიტიკურ ველზე, ეს არის მნიშვნელოვანი და ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა. ცხრა წელი ყველამ კარგად ვიცოდით, რაც ხდებოდა, ძალადობა ქართველ ხალხზე. მეორე ცხრა წელი, აგერ ცხრა წელი მოდის, შეიცვალა გარკვეული ფორმები და პრაქტიკულად იმავეს ემსგავსება. საზოგადოებას ყელში ამოუვიდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა გიორგი ლაღიძემ.

საქართველოს პირველ არხზე დებატები იმართება დედაქალაქის მერობის ყველა კანდიდატს შორის: თამარ კეკენაძე – „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ #1;​ გიორგი ლომია – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ #8; ანა ბიბილაშვილი – „ლელო“ #9; მიხეილ ქუმსიშვილი – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ #10; გიორგი ქუთათელაძე – „საქართველო“ #13; თეიმურაზ ბობოხიძე – „მამული“ #15; გიორგი ლაღიძე – „გიორგი ლაღიძე – მომავალი საქართველო“ #20; არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ #23; გიორგი გახარია – „გახარია – საქართველოსთვის“ #25; ქეთევან ნაკაშიძე – „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“ #29; ევგენი ღვინიაშვილი – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ #30; ზაზა ხატიაშვილი – „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“ #37; კახა კალაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ #41; ანა დოლიძე – „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ #48; გიორგი გაჩეჩილაძე – „გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია“ #50. ამასთან, დებატებში მონაწილეობდა ნიკანორ მელია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ #5, რომელმაც მისასალმებელი სიტყვის შემდეგ დებატები დატოვა.