გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდნენ
გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდნენ

ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ლაფერაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდნენ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ლაფერაშვილი დაკითხვაზე დაბარებას  საქმიანობას და ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასვლას უკავშირებს.

რაც შეეხება კითხვას, რომ პროკურატურის ინფორმაციით, მან ბინები შეიძინა „რუსთავი ორის“ კონტრაქტორი კომპანიისგან, ლაფერაშვილი პასუხობს: „რუსთავი ორის“ კონტრაქტორი კომპანია არის ყველა დიდი დეველოპერი საქართველოში, შეიძლება ეს კომპანიაც არის „რუსთავი 2“-ის კონტრაქტორი. აქ ჩემს ბინებზე ვართ სალაპარაკოდ? არ მგონია, საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს, რამდენ ბინას ვფლობ, ბევრს არ ვფლობ. არ მგონია საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს, რომელი დირექტორი რა სახის პრემიებს მაძლევდა. ყველა მაძლევდა და საკმაოდ ბევრს. საზოგადოებას აინტერესებს და მთავარი კითხვაა, რატომ დღეს და რატომ მაშინ არა, როცა გამოძიება დაიწყო“, – განაცხადა ლაფერაშვილმა.

საგამოძიებო უწყებასთან იმყოფება ასევე ზაალ უდუმაშვილი, რომელიც „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იყო.

მედიამენეჯერებს დასდევენ და ყოველდღიურად დაჰყავთ პროკურატურაში, ეს ის მედიამენეჯერები არიან, რომლებიც კრიტიკულ და ოპოზიციურ ტელევიზიებს აკეთებდნენ და დღესაც აკეთებენ. ჩემი დაბარება ან არდაბარება კი არ არის საქმე, არც კი ვიცი, რა კითხვები აქვთ, ცოტა შეურაცხყოფილიც ვიყავი, აქამდე რატომ არ დამიბარეს. ვიღაცამ ბინა შეიძინა, რა მნიშვნელობა აქვს ამ საქმესთან. ოფიციალურად შევიძინე ბინა, მაგრამ ბინის შეძენა დანაშაულია?“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

პროკურატურამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე გამოძიება  2019 წლის 20 ივლისს დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2-ის“ 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის  ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე.