გიორგი კვირიკაშვილმა სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის პროექტზე ისაუბრა
გიორგი კვირიკაშვილმა სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის პროექტზე ისაუბრა

უახლოეს დღეებში ახალგაზრდული იდეების კონკურსი გამოცხადდება და მისი დაფინანსება 750 ათასი ლარი იქნება, რაც ვფიქრობ, ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის პროექტზე ისაუბრა.

„სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის პროექტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს. პროექტი, რომელიც ევროკომისიის პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციის „გადაარჩინე ბავშვები – ნიდერლანდებთან“( save the children Niderlands) ერთად ხორციელდება, ითვალისწინებს, სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარების ხელშეწყობას, მათთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დასაქმების პოტენციალის ზრდას, განსაკუთრებით ამ ნიშაში”, – განაცხდა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, საქართველოს ოთხი ახალგაზრდული კავშირი ფინანსური მხარდაჭერის სახით მიიღებს ნახევარ მილიონ ლარზე მეტს, რათა მათ სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობებზე იმუშაონ.

„განხორციელდება ახალგაზრდობაზე ორიენტირებული შრომის ბაზრის შეფასება და ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით, შესაბამისი სატრენინგო მოდულებისა და ონლაინ პლატფორმების შემუშავება. საჭირო უნარების განვითარების მიზნით, დაუსაქმებელი და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების მომზადება/გადამზადება მოეწყობა ქვეყნებს შორის ახალგაზრდების დასაქმების პრაქტიკის გაცვლითი ღონისძიებები. სწორედ ეს არის ის, რაც ამ ახალგაზრდებს სჭირდებათ, რომ მათ განავითარონ უნარები, რომლებზეც არის ყველაზე დიდი მოთხოვნა, მათ შორის ის სპეციალური უნარები, რომლებიც დასაქმებას უკავშირდება. დასაქმების ძებნა, განსაკუთრებით იმ მიმართულებებით, რაზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა დღეს, ეს კვლევაც მოგვცემს საშუალებას, ეს საჭიროებები გამოვავლინოთ და შემდგომ, უკვე დავეხმაროთ ამ ახალგაზრდებს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ პროექტი ხელს შეუწყობს რთულ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები ახალგაზრდების იმ განსაკუთრებული უნარების განვითარებას, რომელიც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ.

„მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლება ყოველწლიურად 700 ათასიდან მილიონ ლარამდე დაფინანსებას გამოყოფს და წელიწადში 60-მდე პროექტს აფინანსებს. რის შედეგადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებსა და ქალაქებში 350-მდე ახალგაზრდა დასაქმებულია. 60 სოციალური საწარმო არის შექმნილი. ხეზე კვეთის, მინანქრის, ხალხური რეწვის საწარმოები, ლიტერატრული კაფეები, სათბურები, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საწარმოები. 100-ზე მეტი კულტურულ-საგანმანათლებლო და 50 სპორტული პროექტი არის განხორციელებული. უახლოეს დღეებში გამოცხადდება ახალგაზრდული იდეების კონკურსი და მისი დაფინანსება დამატებით 750 000 ლარი იქნება. ვფიქრობ, რომ ეს ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.