გიორგი კვირიკაშვილმა ერევნის შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრი „თუმო“ დაათვალიერა
გიორგი კვირიკაშვილმა ერევნის შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრი „თუმო“ დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ერევნის შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრ „თუმო“-ს ეწვია.

საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრი ახალგაზრდებს ციფრული ტექნოლოგიებისა და დიზაინის 14 სამიზნე მიმართულებას სთავაზობს, მათ შორის არის: ანიმაცია, ვებდიზაინი, კინემატოგრაფია, მუსიკა, გრაფიკული კომპიუტერული თამაშები და სხვა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო მზად არის, ქართველ და სომეხ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყოს ხელი.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრ „თუმოს“ კონცეფცია საქართველოს „ტექნოპარკის“ კონცეფციის მსგავსია, რომელიც ქვეყანაში ინოვაციური წარმოების შექმნასა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სწორედ ეს იქნება სომხურ მხარესთან სამომავლო თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. პრემიერმა ყურადღება მთავრობების მხრიდან მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობაზე გაამახვილა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ერევნის შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრს საქართველოს დელეგაცია სტუმრობდა.