გიორგი კვირიკაშვილმა და კახა კალაძემ ახალი სასტუმრო „სტამბა“ დაათვალიერეს
გიორგი კვირიკაშვილმა და კახა კალაძემ ახალი სასტუმრო „სტამბა“ დაათვალიერეს
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ  „აჭარა ჯგუფის“ ახალი სასტუმრო – „სტამბა“ დაათვალიერეს, რომელიც თბილისში, კოსტავას გამზირზე მდებარეობს.
 
სასტუმრო ყოფილი გამომცემლობის შენობაში გაიხსნა. ამ ეტაპზე, მასში 40 მაღალი სტანდარტის (52 კვ.მ) ნომერი და 2 suite-ია (79 კვ.მ). მშენებლობის საბოლოოდ დასრულების შემდეგ, სასტუმროში 150 ნომერი იფუნქციონირებს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 750-მდე გაიზრდება.

„მინდა მადლობა გადავუხადო „აჭარა ჯგუფს“, მის დამფუძნებელს თემურ უგულავას. ინვესტორს, რომელიც ზრუნავს ქვეყანაზე.  მისი დაბანდებები მთლიანად საქართველოშია.  45 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციაა გათვალისწინებული ამ სასტუმროში. მთლიანად „აჭარა ჯგუფში“ დაახლოებით 5500 ადამიანია დასაქმებული. ამდენი ბედნიერი და წელგამართული ოჯახი უმნიშვნელოვანესია“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი კვირიკაშვილმა.

კახი კალაძის განცხადებით, აღნიშნული ჯგუფის მიერ განხორციელებული პროექტები წარმატებულია.

„ყველა პროექტი, რომელიც ამ ჯგუფის მიერაა განხორციელებული,  წარმატებულია. ჩემი მხრიდან მათ ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა“, – დასძინა კახი კალაძემ.

 სასტუმროში განთავსებულია კაფე, სადაც სტუმრებს შეეძლებათ დააგემოვნონ ადგილობრივი ფერმერების აგროპროდუქტებიაგან დამზადებული ქართული და ევროპული სამზარეულო. შენობა ისტორიულ იერსახეს ინარჩუნებს, ასევე შენარჩუნებულია სარემონტო სამუშაოების დროს აღმოჩენილი ძველი საბეჭდი დანადგარებიც.
დატოვე კომენტარი