გიორგი კვირიკაშვილი - ზამთრის სპორტული ოლიმპიადის საქართველოში ჩატარება უდიდესი პერსპექტივაა ქვეყნისთვის
გიორგი კვირიკაშვილი - ზამთრის სპორტული ოლიმპიადის საქართველოში ჩატარება უდიდესი პერსპექტივაა ქვეყნისთვის

საქართველოს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფი სტუმრობს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.

„სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენ გახლდით ლოზანაში, სადაც ვისაუბრეთ საქართველოში 2030 წელს ზამთრის სპორტის ოლიმპიადის ჩატარების პერსპექტივაზე. საექსპერტო ჯგუფი შეაფასებს დღევანდელ მდგომარეობას, დადებს სურათს, თუ რა მიმართულებებით გვინდა განვითარება. ამ შეფასებაზე დაყრდნობით შევიმუშავებთ სამოქმედო გეგმას და მოვემზადებით ნაბიჯ-ნაბიჯ 2030 წლისთვის, რომ საქართველოში ჩატარდეს ზამთრის სპორტული ოლიმპიადა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ზამთრის სპორტული ოლიმპიადის საქართველოში ჩატარება უდიდესი პერსპექტივაა არა მხოლოდ ბაკურიანისთვის და სამთო კურორტებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის.

„რა თქმა უნდა, სხვა სათხილამურო კურორტების შეფასებაც მოხდება, დაიდება იმ მიმართულებების ანალიზი, სადაც ჩვენ გვმართებს მეტი ყურადღების კონცენტრირება და მეტი რესურსის დახარჯვა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.