გიორგი კვირიკაშვილი - ყველას გაუქრა ეჭვი, რომ შეიძლებოდა, ტრაგედიის შემდეგ ვინმე დაუსჯელი დარჩენილიყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტის გამოძიებისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროკურატურასთან ერთად, ეფექტურად იმუშავა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, საჭიროა გარკვეული ზომების მიღება, რათა სკოლა, მისი ტერიტორია და შემოგარენი იყოს დაცული.

„ვფიქრობ, ყველას გაუქრა ეჭვი იმის თაობაზე, რომ შეიძლებოდა, ვინმე ამ ტრაგედიის შემდეგ დაუსჯელი დარჩენილიყო. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მთავარი მაინც არის ის, რომ მომავლისთვის შევიმუშაოთ სწორი გზები, რათა ასეთი ტრაგედია თავიდან ავიცილოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გჭირდება ტომებად დაწერილი სტრატეგიები, რომლებიც შეიძლება არასოდეს განხორციელდეს. ჩვენ გვინდა ახლავე გარკვეული ზომების მიღება იმისათვის, რომ სკოლა, მისი ტერიტორია და მათ შორის მისი შემოგარენიც იყოს დაცული და მშობლებს არ ეშინოდეთ სკოლაში ბავშვების გაშვება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკანონმდებლო კუთხით ცვლილებების საჭიროებასაც გაუსვა ხაზი და იუსტიციის მინისტრს პროცესში ჩართვა სთხოვა.

„კიდევ ერთხელ ვამბობ – იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადავჭრათ, ჩვენ გვჭირდება საუბარი ჩვენს შვილებთან, ჩვენს ახალგაზრდებთან. მეტად უნდა მოვუსმინოთ მათ; მათ აქვთ იდეებიც, თავიანთი დამოკიდებულება, რომელიც შეიძლება, ამა თუ იმ საკითხის მიმართ ჩვენი დამოკიდებულებისგან განსხვავებული იყოს და ეს დამოკიდებულება, ძალიან ხშირ შემთხვევაში, გასათვალისწინებელი არის ხოლმე. უმოკლეს პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განათლების სამინისტროსთან ერთად, მივიღოთ ზომები, რა არის გასაკეთებელი, რომ მოკლე პერიოდში მეტი დაცულობა უზრუნველვყოთ. ამასთან ერთად, ალბათ საჭიროა მუშაობა კანონმდებლობის კუთხითაც და მინდა, იუსტიციის მინისტრი ჩაერთოს. ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით არასრულწლოვანთა დანაშაულისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულების კუთხით, მაგრამ ვფიქრობ, შედეგები, რომლებიც დღეს გვაქვს, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ რაღაც გამოგვრჩა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, მაქსიმალურად მოკლე მონაკვეთში, პირველ რიგში პრევენციული ზომები მივიღოთ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაგრამ უფრო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ფონი მოიხსნას. ჩვენ, მოზრდილებს გვმართებს პირველ რიგში ალბათ იმ აგრესიული ფონის მოხსნა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშია“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.