გიორგი კვირიკაშვილი - წინ გვაქვს ძალიან დიდი სამუშაო, რათა რეფორმების თუ აღმშენებლობის პროცესის შედეგი თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს
გიორგი კვირიკაშვილი - წინ გვაქვს ძალიან დიდი სამუშაო, რათა რეფორმების თუ აღმშენებლობის პროცესის შედეგი თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს

გვაქვს ძალიან დიდი სამუშაო ჩასატარებელი, რათა გატარებული რეფორმების თუ აღმშენებლობის პროცესის შედეგი თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს თავის თავზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თელავში,  “ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს” საქალაქო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რეგიონში თითოეული ადამიანის აქტივობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ჩემს მშობლიურ კუთხეში. ძალიან დიდი სიყვარულით მინდა, დიდი პატივისცემა გამოვხატო ყველა თქვენგანის მიმართ. მთლიანად „“ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის სახელით მადლობას ვუხდი ყველა აქტივისტს, ვინც ჩვენს წარმატებას აშენებს, ვინც ყოველდღიურად შრომობს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს წინსვლა. ჩვენ ვაცნობიერებთ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს თითოეული ადამიანის აქტივობას რეგიონებში. ამიტომ მინდა, ყველა თქვენგანს დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი შრომისა და ღვაწლისათვის. დაგეგმილი გვაქვს, რეგიონებში კიდევ უფრო გავააქტიუროთ პარტიული რგოლის მუშაობა და მაქსიმალურად ჩავრთოთ ახალგაზრდობა ამ მუშაობაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის გაწეული შრომა დაწყებული 2011 წლის შემოდგომიდან, ნაწილი თქვენგანი შემდგომ, უფრო გვიან შემოუერთდა პარტიას, მაგრამ აუცილებელია, რომ პარტიის კარი ღია იყოს ყველა ადამიანისთვის, ვისაც აქვს სურვილი, რომ ჩაერთოს სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში და პარტია „ქართული ოცნების“ გაძლიერებაში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ სამუშაოებზე, რომელიც კახეთის რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში შესრულდა.

„მინდა, წარმოგიდგინოთ ინფორმაცია, რომელიც ვფიქრობ, ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს, მოგეხსენებათ ძალიან მოდაშია ნეგატივი და სამწუხაროდ, ძალიან ცოტა გადაიცემა იმის შესახებ თუ რა კეთდება ქვეყანაში. ამიტომ ხშირად არის ხოლმე, რომ ინფორმაცია ჩატარებული სამუშაოების შესახებ არ არის ცნობილი თუნდაც გვერდზე დასახლებულ პუნქტში მცხოვრები ადამიანებისთვის. ამიტომ მე მინდა, წარმოგიდგინოთ ინფორმაცია იმ სამუშაოს შესახებ, რომელიც კახეთის რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში შესრულდა, თუმცა თავშივე მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მიზეზი იმისათვის, რომ ჩვენ ვიყოთ თვითკმაყოფილნი. წინ გვაქვს ძალიან დიდი სამუშაო ჩასატარებელი იმისათვის, რომ გატარებული რეფორმების თუ აღმშენებლობის პროცესის შედეგი თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს თავის თავზე”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა 82 კმ გზის რეაბილიტაცია, დასრულდა წყალმომარაგების სამი პროექტი, საერთო ღირებულებით 8 მლნ ლარი, რითაც წყალმომარაგება გაუუმჯობესდა დაახლოებით 1000 ადამიანს.

„განხორციელდა სოფელ უდაბნოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია; დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია; დედოფლისწყაროში, “ნიკორციხის” ხევში სატუმბი სადგურისა და მილსადენის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები. რეგიონში ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელში ჩართვის საშუალება მიეცა დამატებით 43 315 ოჯახს; პროექტის „სინათლე ყველა სოფელს“ ფარგლებში ელექტროენერგიის მიწოდების ქსელში ჩაერთო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭერემი და აქ მცხოვრებ 50 ოჯახს მრავალი წლის შემდეგ პირველად მიეწოდა ელექტროენერგია. რეგიონის მასშტაბით ექსპლუატაციაში შევიდა ხუთი ჰიდროელექტროსადგური – შილდაჰესი, ალაზანი-2 ჰესი, ახმეტაჰესი, ფშაველაჰესი, შილდა-1 ჰესი; მშენებლობის ეტაპზეა 7 ჰიდროელექტროსადგური, რომელთა ჯამური სიმძლავრე დაახლოებით 67 მგვტ-ია, ხოლო სავარაუდო ინვესტიცია – 88 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. იგეგმება კიდევ ექვსი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელთა განხორციელების შემთხვევაში ქვეყნის ენერგოსისტემას დაახლოებით 32 მგვტ დადგმული სიმძლავრე შეემატება. თითოეული ეს ლარი, დოლარი თუ ევრო იხარჯება უმუშევრობის დაძლევასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. ამავე დროს, მზის ენერგიის ათვისების კუთხით ხორციელდება შესწავლითი სამუშაოები რეგიონში და ამ მიზნით ორ პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა. განხორციელდა მაგისტრალური გაზსადენების სისტემის კახეთის განშტოების „რუსთავი-საგარეჯოს“ 25 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები; 2017 წელს დასრულდა ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალურ გაზსადენზე „თელავი-ახმეტის“ 27 კმ-იანი სიგრძის მონაკვეთის მაღალი წნევის გაზსადენის მშენებლობაც. პროექტის ღირებულება დაახლოებით 2 მილიონი ლარია. ეს არის პროექტები, რომელიც უზრუნველყოფს კახეთის რეგიონის უწყვეტ გაზმომარაგებას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.