გიორგი კვირიკაშვილი - ვიქნებოდი მომხრე, ყველაზე საშინელი სასჯელი დავაწესოთ ქალებისადმი ძალადობაზე
გიორგი კვირიკაშვილი - ვიქნებოდი მომხრე, ყველაზე საშინელი სასჯელი დავაწესოთ ქალებისადმი ძალადობაზე

მე ვიქნებოდი მომხრე, რომ ყველაზე საშინელი სასჯელი დავაწესოთ ქალთა მიმართ ძალადობაზე, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, თუმცა პრემიერ-მინისტრი ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით შედეგი არ არის მიღწეული.

„უმძიმესი პრობლემა, ჩვენი ქვეყნის ღირსების საკითხია. კვირა არ გავა, რომ მამაკაცმა, თუ შეიძლება მას მამაკაცი ეწოდოს, ცოლი თუ ყოფილი ცოლი არ მოკლას, თან სასტიკი ფორმით. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, როგორც კრიმინალთან ბრძოლის მიმართულებით, ასევე კულტურული და მენტალური პრობლემა გვაქვს. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი. მე ვიქნებოდი მომხრე, რომ ყველაზე საშინელი სასჯელი დავაწესოთ ქალთა მიმართ ძალადობაზე ჩვენ გარკვეული ნაბიჯები გადავდგით. მინისტრმა გარკვეული ცვლილებების ინიცირება მოახდინა, მაგრამ სამწუხაროდ შედეგი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ვერ მივიღეთ ამ მიმართულებით სასურველი შედეგი. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის სირცხვილი ჩვენი ქვეყნის, რაც ხდება ამ მიმართულებით და მე მომხრე ვიქნები და პირადად მხარს დავუჭერ, რომ მაქსიმალურად, კიდევ უფრო, რამდენიმეჯერ გავამკაცროთ კანონმდებლობა ამ მიმართულებით, რათა არ გვქონდეს ეს ძალიან დრამატული სურათი, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში გვაქვს სამწუხაროდ“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.