გიორგი კვირიკაშვილი - ვეცადე, ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრი, მე ვტოვებ დღეს თანამდებობას
გიორგი კვირიკაშვილი - ვეცადე, ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრი, მე ვტოვებ დღეს თანამდებობას

ვეცადე, ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრი, მიმიღია გადაწყვეტილებები საკუთარი თავის საზიანოდ და ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, რომ ყველა ნაბიჯი იყო ჩემი ქვეყნის, სამშობლოს სასიკეთოდ, – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

„მე ყოველთვის ვცდილობდი, უდიდესი პატივის გრძნობით მეტარებინა ეს უდიდესი პასუხისმგებლობა. ვეცადე, ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრი. დიახ, მიმიღია გადაწყვეტილებები საკუთარი თავის საზიანოდ და ყოველთვის მთელი გულით მჯეროდა და მჯერა, რომ ყველა გადაწყვეტილება, ყველა ნაბიჯი იყო ჩემი ქვეყნის, სამშობლოს სასიკეთოდ ნაკარნხევი და იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია უკეთესობისკენ შეგვეცვალა.

მე ყოველთვის ვიყავი და ვარ გუნდური მოთამაშე, აქედან გამომდინარე, ვხედავ გუნდში განწყობებს და მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღო ნებისმიერი გუნდის ხელმძღვანელს.  მე ვტოვებ დღეს თანამდებობას.

მე მინდა, აუცილებლად მადლობა გადავუხადო იმ უამრავ ძალიან კარგად ადამიანს, რომელიც ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში გავიცანი. ჩემს თანამშრომლებს გათენებული ღამეებისთვის, უდიდესი შრომისთვის, რომელიც მათ გასწიეს, გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა ადამიანური თანადგომისთვის.

მინდა, მადლობა გადავუხადო მინისტრებს, გუნდის წევრებს. მათ დიდი შრომა გასწიეს. ასევე, მინდა საპარლამენტო გუნდსაც გადავუხადო მადლობა, მადლობა პარტიის თავმჯდომარეს იმისათვის, რომ მე მომეცა საშუალება მემსახურა საქართველოსთვის, ჯერ მინისტრის პოსტზე და შემდგომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

მინდა, გუნდის ხელმძღვანელს ვუსურვო წარმატება ქვეყნის სასიკეთოდ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯში.

მადლობა, ღმერთი ფარავდეს საქართველოს, მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება ერთიანი გაბრწყინებული, განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფო“, –  განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა დღეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.