გიორგი კვირიკაშვილი - უნდა ვეცადო, მივაღწიოთ ისეთ მოდელს, რომელიც ნარკომომხმარებლებისადმი უხეშ დამოკიდებულებას შეარბილებს და შეურიგებელ ბრძოლას გამოუცხადებს ნარკოტიკებით ვაჭრობას
გიორგი კვირიკაშვილი - უნდა ვეცადო, მივაღწიოთ ისეთ მოდელს, რომელიც ნარკომომხმარებლებისადმი უხეშ დამოკიდებულებას შეარბილებს და შეურიგებელ ბრძოლას გამოუცხადებს ნარკოტიკებით ვაჭრობას

ერთი რამ ცხადია, არსებული ნარკოპოლიტიკა არ არის მისაღები არავისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ფაქტია, რომ ცვლილებები საჭიროა და, რომ ნარკომომხმარებლისადმი ჰუმანურმა მიდგომებმა ბევრ ქვეყანაში გაამართლა.

ამასთან, როგორც პრემიერი აცხადებს, ნარკოტიკების გამსაღებლებისადმი და ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლა უნდა გამოცხადდეს.

„ცვლილება რომ საჭიროა, ფაქტია. ფაქტია, რომ მომხმარებლისადმი ჰუმანურმა მიდგომებმა ბევრ ქვეყანაში გაამართლა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, ეს არ უნდა ავურიოთ ნარკოტიკების პოპულარიზაციაში. ეს არის ყოვლად მიუღებელი, ხოლო ნარკოტიკების გამსაღებლებისადმი და ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ აბსოლუტურად შეურიგებელი ბრძოლა უნდა გამოვაცხადოთ.  იმედი მაქვს, რაღაც ტიპის კონსენსუსი იქნება მიღწევადი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, შევჯერდებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი გუნდში აქტიურად განიხილება, ამასთან,  ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიზნით დაგეგმილია კონკრეტული ნაბიჯები.

„გუნდში მიდის ძალიან აქტიური განხილვა ამ საკითხის. ასევე, დღეს დავაანონსეთ საკითხი – ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. ეს არ არის მხოლოდ განცხადება, არამედ კონკრეტული ნაბიჯებია გათვალისწინებული, თავისი დაფინანსებით – თუ როგორ მოვახდინოთ ძალიან მოკლე პერიოდში სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ახალი ობიექტების დამატება. იმისთვის, რომ მასობრივი და ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი მოსახლეობისთვის სპორტული ობიექტები“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი განმარტებით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ისეთი მოდელი უნდა იყოს მიღწეული, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებას შეამცირებს და შეურიგებელ ბრძოლას გამოუცხადებს ნარკოტიკებით ვაჭრობას.

„ბუნებრივია, ამ ფორმატში ნარკოპოლიტიკის დეტალებზე განხილვას არ შევუდგები. უნდა ვეცადო, რომ მივაღწიოთ ისეთ მოდელს, რომელიც იქნება ქვეყნისთვის მისაღები, ნარკოტიკების მოხმარებას შეამცირებს, სახელმწიფოს უხეშ დამოკიდებულებას ნარკომომხმარებლების მიმართ შეარბილებს და შეურიგებელ ბრძოლას გამოუცხადებს ნარკოტიკებით ვაჭრობას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.