გიორგი კვირიკაშვილი სასულიერო აკადემიაში სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დაფუძნების  ღონისძიებას დაესწრო 
გიორგი კვირიკაშვილი სასულიერო აკადემიაში სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დაფუძნების  ღონისძიებას დაესწრო 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისის სასულიერო აკადემიაში სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დაფუძნებასთან დაკავშირებულ ღონისძიება  დაესწრო, რომელიც საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა დისერტანტ ირაკლი ორჟონიას თეოლოგიის მიმართულებით პირველი სადოქტორო დისერტაციის დაცვა მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან დიდი მოვლენა.

“დღევანდელი დღით პრაქტიკულად იკვრება მთელი სისტემა სასულიერო სისტემისა და სასულიერო აკადემიის ბაზაზე, როდესაც შესაძლებელი იქნება საქართველოში  როგორც ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის, ისე დოქტორანტურის დასრულება და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო მეცნიერების მოღვაწეთ აღარ ექნებათ საჭიროება, დოქტორის ხარისხის საქართველოს გარეთ დაცვის საჭიროება. მე ეს ძალიან მახარებს, რადგან ჩვენ ვართ იმ ქვეყნის წარმომადგენელნი, რომელსაც მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო მეცნიერების უდიდესი ტრადიციები აქვს. სწორედაც ამ ტრადიციების გაგრძელება და მეორე მხრივ, რა  თქმა უნდა, დაგვირგვინებაც გახლავთ დღევანდელი დღე. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენთვის ყველასთვის ძალიან დიდ ადამიანს, ჩვენთვის ყველასთვის საყვარელ და პატივსაცემ ადამიანს, ჩვენს პატრიარქს, რათა სხვა მრავალ ღვაწლთა შორის, საქართველოში მისი 40-წლიანი მეუფება აღინიშნება უდიდესი და უმნიშვნელოვანესი სინთეზით სულიერებასა და მეცნირებას შორის. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გვირგვინთაგანი თქვენი მოღვაწეობისა, თქვენო უწმინდესობავ და ამას ყველა აღიარებს. ამ დარბაზში არაერთი ადამიანი ზის, რომელთა განთითოეული მათგანის საზოგადოების წევრობით ნებისმიერ ქვეყანა იამაყებდა. და ამ საზოგადოებისა და ჩვენი ეკლესიის ერთობა არის სწორედ ის ძალა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მიიყვანს სასურველ მიზნამდე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, თბილისის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, საკანონმდებლო ორგანოს წევრები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.