გიორგი კვირიკაშვილი - სასამართლოს რეფორმა არის ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულება, რომელზეც გაცილებით მეტი აქცენტის გაკეთება მოგვიწევს
გიორგი კვირიკაშვილი - სასამართლოს რეფორმა არის ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულება, რომელზეც გაცილებით მეტი აქცენტის გაკეთება მოგვიწევს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სასამართლო რეფორმის საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, იმისთვის, რომ გამართული სამართლებრივი სახელმწიფო იყოს, სადაც სამართლიანობის გრძნობა მთელ საზოგადოებაში გაცილებით უფრო მყარი იქნება, გადასადგმელია ნაბიჯები, მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტია გასაკეთებელი სასამართლო რეფორმაზე.

„სასამართლო რეფორმაზე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ, რა თქმა უნდა, ის დღეს არ არის ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა, მაგრამ დაინახონ ტენდენციები. ტენდენციების გამოკვეთა არის ძალიან მნიშვნელოვანი. სასამართლო რეფორმის მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადადგმულია და მნიშვნელოვანია, აღქმები საზოგადოებაში იყოს ისეთი, რომ ნდობა არსებობდეს სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფომ ამისთვის უფრო მეტი უნდა გააკეთოს და ეს აუცილებლად სათქმელია.

„რა თქმა უნდა, სასამართლოს რეფორმა არის ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულება, რომელზეც გაცილებით მეტი აქცენტის გაკეთება მოგვიწევს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმა აღნიშნულ საკითხებს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას გაუსვა ხაზი. მან ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ჯგუფებმა შექმნილი ვითარება გამოიყენეს.

„არ მინდა ბევრი საუბარი იმაზე, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ჯგუფებმა, სამწუხაროდ, როგორ გამოიყენეს ეს სიტუაცია და აბსოლუტურად არამართლზომიერ, ვითარებისადმი არაადეკვატურ მოთხოვნებს აყენებდნენ და აყენებენ. საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს. ამ საზოგადოებას უცხოვრია იმ სახელმწიფოში, სადაც სახელმწიფო აბსოლუტურად არ უსმენდა ხალხის ხმას, სადაც თვეების განმავლობაში ქუჩაში დგომის მიუხედავად, რეაგირება ნულის ტოლი იყო. დღეს ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, სადაც ხელისუფლებას ადარდებს ხალხის აზრი“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით,  ხელისუფლებას  შეცდომებიც აქვს და უშეცდომო არავინ არის, მაგრამ ამ შეცდომებზე ხდება ადეკვატური რეაგირება, საპასუხო პოლიტიკური ქმედებების დაგეგმვა.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, ტენდენცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ტენდენცია ჩვენს ქვეყანაში არის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა“, – განაცხადა პრემიერმა.