გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში იაპონიის ელჩს შეხვდა 
გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში იაპონიის ელჩს შეხვდა 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში იაპონიის ელჩს ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ბოლო პერიოდში საქართველოსა და იაპონიას შორის განსაკუთრებულად გააქტიურებული ურთიერთობები განიხილეს და სხვადასხვა სფეროში დინამიურად მიმდინარე თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

აღინიშნა ორმხრივი და მრავალმხრივი კავშირების ფართო სპექტრი. საუბარი შეეხო ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, რაც იაპონიის ელჩის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა დაგამოითქვა სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების სურვილი.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებულად აქტიურია, რასაც ქართული მხარე მიესალმება და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მზარდი საექსპორტო პოტენციალი, ასევე, ხელსაყრელი საინვესტიციო და ბიზნესგარემო თანამშრომლობას კიდევ უფრო მეტ დინამიკას შესძენს.

მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო კავშირების პერსპექტივებზე იმსჯელეს, აღინიშნა პროექტები, რომლებიც იაპონიის მხარდაჭერით ხორციელდება. ტადაჰარუ უეჰარას  თქმით,მსხვილი იაპონური კომპანიების დაინტერესება საქართველოს მიმართ დიდია, რასაც ქვეყნის სტაბილური ბიზნეს-გარემო და დემოკრატიული მისწრაფებები განაპირობებს.

შეხვედრისას ითქვა, რომ მთავრობებს შორის მჭიდრო კავშირებსა და მაღალი დონის ვიზიტებს ორი ქვეყნის ურთიერთობების განმტკიცებაში დიდი როლი ეკისრება.

შეხვედრის დასასრულს, იაპონიის ელჩმა გიორგი კვირიკაშვილს პირადად მიულოცა ქართველი სუმოისტის, ლევან გორგაძის (ტოჩინოშინის) წარმატება, რომელიც იმპერატორის თასის მფლობელი გახდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე ესწრებოდა.