გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოსა და სომხეთის ორმხრივი ურთიერთობები  განსაკუთრებულად პოზიტიური დინამიკით გამოირჩევა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოსა და სომხეთის ორმხრივი ურთიერთობები  განსაკუთრებულად პოზიტიური დინამიკით გამოირჩევა

მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები ნამდვილად უმაღლეს ნიშნულზეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ერევანში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანთან  შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მხარეებმა პირისპირ და დელეგაციების გაფართოებული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

გიორგი კვირიკაშვილმა სომეხ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და  აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და კეთილმეზობლობა აკავშირებს.

„სწორედ, ეს არის ის ფუნდამენტი, რომელზეც შევძელით ახალი ტიპის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დაფუძნება და მოხარულები ვართ, რომ ორმხრივი ურთიერთობები  განსაკუთრებულად პოზიტიური დინამიკით გამოირჩევა“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორობას. პრემიერი სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებულ მზარდ დინამიკას მიესალმა და თავის კოლეგას სომხეთში ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი მიულოცა.

„ეს წარმატება ჩვენც გვახარებს, როგორც სომხეთის მეზობელ და მეგობარ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი განმარტებით, შეხვედრებზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიც არის ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი, კულტურული ურთიერთობები, ხელოვნება, განათლება და მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობა.

„ჩვენ მზად ვართ, რომ საქართველოს მხრიდან მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ახალგაზრდებს შორის ურთიერთობებს და ამ მიმართულებით ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ასევე, მნიშვნელოვანია უახლესი მიღწევების ურთიერთგაზიარება და გამოცდილებების გაცვლა. მოხარული ვარ, რომ ვიზიტის ფარგლებში ვეწვევი ერევნის საგანმანათლებლო-ტექნოლოგიურ ცენტრ „თუმო“-ს. ვიმედოვნებ, ამ სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, შეხვედრაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის მხრიდან ხაზი გაესვა რეგიონალური თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„ჩვენ მზად ვართ, მრავალმხრივ პროექტებში, სომხეთთან ერთად საქართველომ კიდევ უფრო აქტიურად მიიღოს მონაწილეობა და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით შეგვიძლია ორმხრივი სარგებლის ნახვა, გამომდინარე იმ თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების ქსელიდან, რომელიც საქართველოს გააჩნია. სომხეთს, ასევე, თავის მხრივ, აქვს ძალიან სასარგებლო ურთიერთობები, რომელიც საქართველოს მხრიდან შეიძლება იქნას გამოყენებული“, – განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა და აღნიშნა, რომ საქართველო სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოველმხრივი და გაფართოებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს მიესალმება.

მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ  აუცილებელია, მაღალი დონის ვიზიტების კიდევ უფრო გააქტიურება. აგრეთვე, დარგობრივ უწყებებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობა.

„ჩვენ ასევე, შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება ტექნიკურ ჯგუფებს შორის შეხვედრა, რათა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის შეხვედრა მომზადდეს  და დიდი იმედი გვაქვს, 2018 წელს ასეთი შეხვედრა აუცილებლად ჩატარდება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მან  არმენ სარგსიანს საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატება მიულოცა და სომხეთს რეფორმების წარმატებად განხორციელება უსურვა.

„მინდა, ასევე, გამოვთქვა კმაყოფილება გამართული მოლაპარაკებების შედეგთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს კიდევ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა მიმართულებებით – მთელი დღის განმავლობაში გაიმართება ძალიან საჭირო შეხვედრები. მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარს გულთბილი მიღებისათვის და მინდა, მთელი გულით ვუსურვო წარმატება ჩვენს მოძმე მეგობარ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  გასულ წელს აღინიშნა საქართველოსა და სომხეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე. მისი შეფასებით, სწორედ, ამ წლების განმავლობაში გახდა შესაძლებელი ნდობაზე დამყარებული ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის განვითარება ორ მოძმე ქვეყანას შორის.  2017 წლის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა დონის არაერთი ორმხრივი ვიზიტი, ასევე, შეხვედრები საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში. გასული წლის დასაწყისში საქართველოს ესტუმრა სომხეთის პრემიერ-მინისტრი და დღეს არის საპასუხო ვიზიტი სომხეთში.  ასევე, გასული წლის დეკემბერში, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია სომხეთის პრეზიდენტი.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები ნამდვილად უმაღლეს ნიშნულზეა“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ვიზიტის მნიშვნელობასა და განსახილველი საკითხების ყოვლისმომცველობაზე მეტყველებს საქართველოდან დელეგაციის შემადგენლობაც, რომელშიც  ვიცე-პრემიერები, სხვადასხვა მიმართულების მინისტრები, ასევე, სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი შედიან.