გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს უნიკალური მდებარეობის და აშშ-სთან მისი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას მხოლოდ ზრდა ელის წინ
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს უნიკალური მდებარეობის და აშშ-სთან მისი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას მხოლოდ ზრდა ელის წინ

საქართველოს უნიკალური მდებარეობის მნიშვნელობას და შესაბამისად, აშშ-სთან მისი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას მხოლოდ ზრდა ელის წინ, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის კონგრესში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ მაჩვენებლებზე, რომლებიც, მისი თქმით, რეგიონში საუკეთესოა.

„2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ შეადგინა 5%. ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, თურქეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან, ასევე ახლახან ჩინეთთან ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების წყალობით, საქართველოს აქვს წვდომა ორ მილიარდზე მეტი მომხმარებლის ბაზარზე. გარდა ამისა, წელს დაიწყო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ინდოეთთან. საქართველო მიიჩნევს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გონივრული წინგადადგმული ნაბიჯია. შავ ზღვაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დასრულების შემდეგ, საქართველო შეძლებს ყველაზე მსხვილი – პანამაქსის კლასის გემების მიღებას. პორტი, რომლის ოპერირებასაც განახორციელებს ამერიკული, სიეტლში დაფუძნებული კომპანია SSA Marine, მნიშვნელოვნად შეამცირებს აზიასა და ევროპას შორის დროის თვალსაზრისით მგრძნობიარე ძვირადღირებული ტვირთების გადაზიდვის დროს, რასაც დღეს ზღვით კვირები და ზოგჯერ თვეები სჭირდება. შემდგომი ლოგიკური ნაბიჯი ჩვენს ურთიერთობებში, რომელსაც ზურგს უმაგრებს მისი ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა, არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ეს არის ჩვენი მიზანი და ჩვენ ვეძებთ თქვენს დახმარებას ამ მიზნის მისაღწევად. წარმოიდგინეთ, რა მნიშვნელობა ექნება ამას ამერიკული ბიზნესებისთვის – ამერიკული კომპანიებისთვის, კაპიტალისა და პროდუქციისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის კარიბჭე ორ მილიარდზე მეტი მომხმარებლის ბაზარზე“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის და აშშ-სთან პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ძვირფასო კონგრესის წევრებო, ძვირფასო მეგობრებო, ევრაზიაში ტემპი იზრდება, რასაც ასაზრდოებს ისეთი ახალი სავაჭრო მარშრუტები, როგორიცაა ტრანსკასპიის დერეფანი და ახალი აბრეშუმის გზა. მოთამაშეები მთელი მსოფლიოდან დღეს ცდილობენ ევრაზიაში არსებული უზარმაზარი შესაძლებლობების გამოყენებას. ამერიკა უნდა იყოს ამ შესაძლებლობების მთავარი მამოძრავებელი ძალა და ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი. საქართველოს უნიკალური მდებარეობის მნიშვნელობას და შესაბამისად, აშშ-სთან მისი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას მხოლოდ ზრდა ელის წინ. სწორედ ახლა არის დრო, ყურადღება მივაქციოთ ორმხრივ სავაჭრო შეთანხმებას, რომელიც ორივე სახელმწიფოს მოუტანს ეკონომიკურ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სარგებელს. პარტნიორობა და სტრატეგია თან სდევს მშვიდობას და სტაბილურობას. საუკუნის წინ საქართველომ აირჩია დასავლეთისკენ მიმავალი გზა ნებისმიერ ფასად. ჩვენი კულტურა ევროპულია ამერიკული ელფერით; ჩვენი მსოფლმხედველობა დასავლური და ტრანსატლანტიკურია ისევე, როგორც ჩვენი ღირებულებები და პოლიტიკა. ჩვენი ერთგულება დასავლური და ევროპული ღირებულებების საფუძვლებისადმი – დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვისადმი მტკიცეა, ღრმა და მდგრადი. მადლობა კონგრესის საქართველოს მხარდამჭერთა ჯგუფს! ერთად ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევა დავძლიეთ. წინ კიდევ ბევრია, მაგრამ ჩვენ გვამოძრავებს ერთიანი მუხტი, რომელსაც მივყავართ კიდევ უფრო დიდი კეთილდღეობისა და მშვიდობიანი მომავლისკენ“, – მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა საზეიმო მიღებაზე შეკრებილ კონგრესმენებსა და სტუმრებს.