გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს მოსახლეობა გრძნობს, რასაც საერთაშორისო ინსტიტუტები ცხადად ამბობენ
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს მოსახლეობა გრძნობს, რასაც საერთაშორისო ინსტიტუტები ცხადად ამბობენ

საქართველოს მოსახლეობა გრძნობს, რასაც საერთაშორისო ინსტიტუტები ცხადად ამბობენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის კონგრესში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა საქართველოს მიღწევებზე და საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციებზე.

მისი თქმით, რეფორმირების და განვითარების პროცესში, საქართველოს უდიდესი დახმარება გაუწიეს ისეთმა ამერიკულმა ინსტიტუტებმა, როგორებიცაა – აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და კერძო საგარეო საინვესტიციო კორპორაცია.

„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველო ყველა საერთაშორისო სარეინტინგო სისტემაში დაწინაურდა – „ჰერითიჯის ფონდის“ ეკონომიკური თავისუფლების 2018 წლის ინდექსში საქართველო მე-16 ადგილზეა, მაშინ, როდესაც 34-ე ადგილი ეკავა 2012 წელს; იმავე ანგარიშის თანახმად, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობამ ქვეყანა 22 პოზიციით დააწინაურა 2012 წელთან შედარებით. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსს აქვეყნებს, რომელმაც 2018 წელს საქართველოს 61-ე ადგილი მიაკუთვნა გლობალურ ჭრილში და 43 პოზიციით მნიშვნელოვნად დააწინაურა 2012 წელთან შედარებით. სხვათა შორის, ამ რეიტინგში საქართველო ევროკავშირის ბევრ ქვეყანაზე წინაც დგას. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017-2018 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში ცხადყოფს, რომ საკუთრების უფლების დაცვის გამო ქვეყანა პირველთა რიგებშია, რაც 2012 წელთან შედარებით 74 პოზიციით გაუმჯობესებულმა ადგილმა დაადასტურა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.