გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო შედის ფაზაში, როდესაც გაფორმებული სავაჭრო შეთანხმების შედეგების რეალიზებას ვიწყებთ
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო შედის ფაზაში, როდესაც გაფორმებული სავაჭრო შეთანხმების შედეგების რეალიზებას ვიწყებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლები და შეხვედრები შეაჯამა.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეკონომიკურ ფორუმზე ძალიან მნიშვნელოვანი და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული შეხვედრები გაიმართა.

მისი თქმით, შედგა პოლიტიკური შეხვედრებიც, რომელთა შორის მნიშვნელოვანი იყო ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან მაროშ შევჩოვიჩთან შეხვედრა, სადაც საუბარი იყო ენერგოტრანზიტის პროექტებზე, ასევე პროექტებზე, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა საკითხს, როგორიც არის მაგალითად, კასპიის რეგიონიდან  ახალი გაზის ტრანზიტის პროექტები და პერსპექტივები.

„ამასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი ენერგოკავშირში ჩვენი გაწევრიანების შემდეგ გადასადგმელ ნაბიჯებზე, ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტი ახალი ენერგორეგულაციების, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ და წლის პირველ ნახევარში დავასრულებთ ამ მუშაობას. გვქონდა შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ასევე ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრთან. ძალიან საინტერესო და საქმიანი შეხვედრები იყო. ასევე, ფორუმის განმავლობაში ძალიან ბევრ ადამიანს ხვდები და ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ მოკლე დროში უამრავი ადამიანი ნახო, რაც ჩვენი ქვეყნის წარმოჩენისთვის არის ძალიან კარგი შესაძლებლობა“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, გაიმართა შეხვედრები ბიზნესთანაც და მნიშვნელოვანი ტენდენცია, რაც გამოიკვეთა არის ის, რომ საქართველო შედის ფაზაში, როდესაც გაფორმებული სავაჭრო შეთანხმების შედეგების რეალიზება იწყება.

„გვქონდა ბიზნესთან შეხვედრები, უნდა ვთქვა, რომ შეხვედრა იყო ძალიან კონკრეტული ბიზნესის მიზნებიდან გამომდინარე და ერთი ძალიან მიშვნელოვანი ტენდენცია, რაც გამოიკვეთა არის ის, რომ საქართველო შედის ფაზაში, როდესაც ჩვენ მიერ გაფორმებული სავაჭრო შეთანხმების შედეგების რეალიზებას ვიწყებთ. ეს შედეგი იყო ძალიან ცხადი და აბსოლუტურად ყველას, ვისაც ჩვენ შევხვდით, არის დაინტერესებული იმ კომბინაციით ჩვენი სავაჭრო ხელშეკრულებების, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ეს არის ევროპასთან, რა თქმა უნდა, ჩვენ სამეზობლოსთან და ჩინეთთან ერთად ამ კომბინაციაში სავაჭრო შეთანხმებები. საქართველო, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესგარემოს მქონე ქვეყანა და ძალიან ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით, განიხილება უფრო და უფრო მეტი კომპანიის მიერ, როგორც რეგიონული წარმომადგენლობის ადგილი სამხრეთ კავკასიაში და არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.