გიორგი კვირიკაშვილი - როდესაც ავანთებ ხანუქას სანთელს, ჩავიფიქრებ, რომ ისრაელში, საქართველოში, მთელ მსოფლიოში იყოს მშვიდობა 
გიორგი კვირიკაშვილი - როდესაც ავანთებ ხანუქას სანთელს, ჩავიფიქრებ, რომ ისრაელში, საქართველოში, მთელ მსოფლიოში იყოს მშვიდობა 

როდესაც ავანთებ ხანუქას სანთელს ჩავიფიქრებ, რომ ისრაელში იყოს მშვიდობა, ყველა ებრაულ ოჯახში იყოს მშვიდობა, საქართველოში იყოს მშვიდობა და მთელ მსოფლიოში არავის ენახოს ატირებული ბავშვები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხანუქას დღესასწაულზე თბილისის დიდ სინაგოგაში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის 26-საუკუნოვანი მეგობრობა უნიკალურია და ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ორ მოძმე ერს შორის არის უამრავი რამ საერთო.

“ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ დღეს მე მივმართო ჩვენთვის ყველაზე ახლობელი და ყელაზე დიდი ხნის მეგობარი ერის წარმომადგენლებს. მინდა, მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომლითაც აღინიშნება სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება. ჩვენთვის, ქართველებისთვისაც, ეს დღესასწაული სიმბოლურია და იქ, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ამ უბანში საქართველოში თავმოყრილია ყველა ტრადიციული რელიგიის წარმომადგენლობა, მაგრამ საქართველოსთვის 26-საუკუნოვანი მეგობრობა ნამდვილად უნიკალურია. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ჩვენს ორ მოძმე ერს შორის უამრავი რამ არის საერთო. საერთო გვაქვს ისტორია, მათ შორის ბრძოლის ისტორიაც, როდესაც ქართველები იბრძოდნენ ებრაელთათვის და ებრაელები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ, იბრძოდნენ ქართველთათვის. მათ შორის, ვიბრძოდით ერთმანეთის საკულტო რელიგიური ნაგებობების გადასარჩენადაც. და ეს ისტორიები ყველას ახსოვს. ეს ისტორიები ოქროს ასოებით არის ჩაწერილი ჩვენს ორ ერს შორის მეგობრობის ძალიან ძვირფას წიგნში, რომელსაც როგორც ებრაელები, ისევე ქართველები გულში ინახავენ. მინდა, გულით მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომელიც ნამდვილად ცვენ ყველას გვიხარია. როდესაც მე ავანთებ ხანუქას სანთელს, ჩავიფიქრებ, რომ ისრაელში იყოს მშვიდობა, ყველა ებრაულ ოჯახში იყოს მშვიდობა და რა თქმა უნდა, საქართველოში იყოს მშვიდობა და მთელს მსოფლიოში არავის ენახოს ატირებული ბავშვები. ჩვენ გამოწვევებიც საერთო გვაქვს და იმედი მაქვს, რომ ჩვენს ერებს შორის ყველაზე ძვირფასი ფურცლები კიდევ მომავალში დაიწერება”, – აღნიშნა გიორგი კვირკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ხანუქას დღესასწაული მიულოცა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა თბილისის მთავარ სინაგოგაში შეკრებილებს ვიდეოზარის საშუალებით მიმართა.

“მინდა, საქართველოდან მივესალმო საქართველოს დიდ მეგობარს, ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბენიამინ ნეთანიაჰუს და მივულოცო მას ხანუქას დღესასწაული. მინდა, ვუსურვო ებრაელ ხალხს მშვიდობა და რა თქმა უნდა მინდა ვუსურვო ქართულ-ებრაულ მეგობრობას კიდევ უფრო ნათელი მომავალი 26 საუკუნე”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.