გიორგი კვირიკაშვილი - რაც დრო გავა, მით უფრო მეტად გააცნობიერებს ყველა, რამხელა გმირია არჩილ ტატუნაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - რაც დრო გავა, მით უფრო მეტად გააცნობიერებს ყველა, რამხელა გმირია არჩილ ტატუნაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომა არჩილ ტატუნაშვილის შესახებ საუბრით დაიწყო.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რაც დრო გავა, მით უფრო მეტად გააცნობიერებს ყველა, რამხელა გმირია არჩილ ტატუნაშვილი.

„ორიოდე დღის წინ მიწას მივაბარეთ ქართველი ვაჟკაცის – არჩილ ტატუნაშვილის ნეშტი, რომელიც სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა, ვინაიდან მტრებმა ვერ შელახეს მისი ღირსება.

ვფიქრობ, რაც დრო გავა, მით უფრო მეტად გააცნობიერებს ყველა ადამიანი, თუ რამხელა გმირი გახლავთ არჩილ ტატუნაშვილი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებმაც აწამეს ქართველი ვაჟკაცი, არიან ქართულ-ოსური შერიგებისა და საქართველოს გაერთიანების მტრები.

„ამიტომ, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს დღევანდელ დღეს ამის თქმა და ტკივილით აღსავსე თითოეული სიტყვა, რომელსაც მე ვამბობ, ქართული სახელმწიფო თანმიმდევრულად გააგრძელებს შერიგების პოლიტიკას“, – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს მიმართა, დიდი ხნით არ გადაიდოს იმ პაკეტის განხილვა, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მოამზადა.

„ვთხოვ, ქეთევან ციხელაშვილს, დიდი ხნით არ გადავდოთ იმ ნაბიჯების პაკეტის განხილვა, რომელიც მას მომზადებული აქვს. მოვუწოდებ პარლამენტს, დავსხდეთ და თანმიმდევრულად გავაგრძელოთ ის ნაბიჯები, რომლებსაც ამ უმძიმეს ინციდენტამდე ვახორციელებდით. მეორე მხრივ, ჩვენი სახელმწიფო რა თქმა უნდა, იქნება ძალიან მტკიცე კონკრეტულად იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს და სამართლებრივი კუთხით გადადგამს იმ ნაბიჯებს, მათ შორის საერთაშორისო მასშტაბით, რომ დამნაშავეები დაისაჯონ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.