გიორგი კვირიკაშვილი - რაც არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მოხდა, არის მკვლელობა, რომელსაც ჰყავს კონკრეტული პასუხისმგებლები
გიორგი კვირიკაშვილი - რაც არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მოხდა, არის მკვლელობა, რომელსაც ჰყავს კონკრეტული პასუხისმგებლები

რუსეთი ვერანაირად ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მოხდა და ეს პასუხისმგებლობა დაფიქსირებულია საერთაშორისო რეზოლუციებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რუსეთი აგებს პასუხს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე.

„რუსეთი ვერანაირად ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა და ეს პასუხისმგებლობა დაფიქსირებულია საერთაშორისო რეზოლუციებში. დაფიქსირებულია მათ შორის ჩვენი დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევის შედეგად, ევროსაბჭოს არაერთ რეზოლუციაში, სადაც ცხადად, შავით თეთრზე წერია, რომ ქვეყანა, რომელიც ახორციელებს ფაქტობრივ კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აგებს პასუხს იქ ადამიანის უფლებების დარღვევებზე. რა თქმა უნდა, რაც მოხდა არის მკვლელობა, არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომელსაც ყავს კონკრეტული პასუხისმგებლები”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, არჩილ ტატუნაშვილს ოჯახს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს და სახელმწიფომ თანმიმდევრული ნაბიჯები უნდა გადადგას ქართულ-ოსური, ქართულ-აფხაზური შერიგების პროცესში.

„ჩემო მეგობრებო, ასეთმა გასაჭირმა უნდა გაგვამაგროს. არჩილის ოჯახს, მშობლებს, რომლებმაც გმირი გაზარდეს, ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. ჩვენმა სახელმწიფომ მტკიცედ, თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გააგრძელოს ქართულ-ოსური, ქართულ-აფხაზური შერიგებისა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანების პროცესი. არავის არ გვეპარება ეჭვი, რომ ეს აუცილებლად მოხდება. ჩვენი თაობის ვალია, რომ ეს მოხდეს რაც შეიძლება მოკლე დროში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.