გიორგი კვირიკაშვილი - ქვეყანა საგანგებო სიტუაციების მართვის სრულიად ახალ მოდელზე გადადის
გიორგი კვირიკაშვილი - ქვეყანა საგანგებო სიტუაციების მართვის სრულიად ახალ მოდელზე გადადის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყანა საგანგებო სიტუაციების მართვის სრულიად ახალ მოდელზე გადადის.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, დეტალურად იმიჯნება სახელმწიფო უწყებების კომპეტენციები და საგანგებო სიტუაციების სამსახური ხდება შემფასებელი, გადაწყვეტილების მიმღები და შესაბამისად, პასუხისმგებელიც და კოორდინატორიც ასეთ სიტუაციებში.

„ამას გარდა, რეფორმების პაკეტი ითვალისწინებს სიახლეებსაც. ესენია, მოხალისეთა სისტემა, ალტერნატიული სამხედრო სამსახური და კრიზისების პრევენციის მიზნით, სამეცნიერო წრეების ჩართვა. სამართლებრივი ბაზის სრულყოფის პარალელურად, აქტიურად ვმუშაობთ საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე და განახლებაზე“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

​პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, უკვე გამოცხადებულია ტენდერი სპეციალური ტყეებისთვის სახანძრო მანქანების შეძენაზე.

„ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება იქნა მიღწეული ავსტრიულ კომპანიასთან, რომელიც მსოფლიოში გახლავთ ლიდერი ასეთი ტიპის მოწყობილობების წარმოების. ეს არის „როზენბაური“, რომელიც ჩვენს ქართულ კომპანია დელტასთან ერთად დაიწყებს ერთობლივ წარმოებას ოპერატიული სახანძრო მანქანების აწყობას.

მე დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე თვეში უკვე გექნება პირველი ეგზემპლარები და წლის ბოლომდე უკვე, პრაქტიკულად უნდა გვქონდეს გამართული წარმოება ასეთი ტიპის მანქანების“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.