გიორგი კვირიკაშვილი - ქვემო ქართლში ყველა პირობაა ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებისთვის
გიორგი კვირიკაშვილი - ქვემო ქართლში ყველა პირობაა ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებისთვის

ქვემო ქართლში ყველა პირობაა ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებისთვის. ამ კუთხით უკვე გადადგმულია ნაბიჯები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარტია „ქართული ოცნების“ რუსთავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რეგიონში ასევე მიმდინარეობს ისტორიული და კულტურული ძეგლების აღდგენა-რესტავრაციის სამუშაოები. დაწყებულია ფიტარეთის ტაძრის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 250 000 ლარია.

მისივე თქმით, 2018 წლის განმავლობაში ბოლნისში იუსტიციის სახლის მშენებლობაა დაგეგმილი.

„ქვემო ქართლში ყველა პირობაა ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებისათვის. ამ კუთხით უკვე გადადგმულია ნაბიჯები. ეწყობა კულტურულ და ისტორიულ ძეგლებთან მისასვლელი გზები და საველოსიპედო ბილიკები. ქალაქ წალკიდან დაშბაშის კანიონამდე გაყვანილია მისასვლელი გზა. მიმდინარე წელს იგეგმება კანიონის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. იგეგმება ბოლნისის სიონიდან წუღრუღაშენის ტაძართან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, თეთრიწყაროს ტურისტული მომსახურების ცენტრის შექმნა, სოფელ სამშვილდის ციხემდე და ეკლესიამდე მისასვლელ გზაზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია და მრავალი სხვა პროექტის განხორციელება. რა თქმა უნდა, ეს არ არის განხორციელებული პროექტებს სრული ჩამონათვალი. მაქსიმალურად შევეცადე ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები ჩამომეთვალა, ასევე მომეცა კონკრეტული დასახელებები იმ საცხოვრებელი პუნქტებისა, სადაც კონკრეტული, მათ შორის ბიზნესპროექტები განხორციელდა”, – მიმართა პრემიერმა კონფერენციის მონაწილეებს.