გიორგი კვირიკაშვილი - მნიშვნელოვანი საკითხები საპარლამენტო გუნდისთვის მთავრობისგან სიურპრიზი არ უნდა იყოს
რა თქმა უნდა, არსებობს პირველ რიგში კანონმდებლობა, მაგრამ ჩემი აზრით, ასევე გარკვეული პრაქტიკა არის შესამუშავებელი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას არ კეთდებოდეს სიურპრიზი მთავრობის მხრიდან საპარლამენტო გუნდისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილი დეპუტატების კითხვებს პასუხობს.
პრემიერის თქმით, პარლამენტისა და მთავრობის ერთდროული მეტი ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი წარმატებისთვის.
„როგორ, რა დოზით და რა წესებით, ამაზე ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს საპარლამენტო გუნდთან. რა თქმა უნდა, არსებობს პირველ რიგში კანონმდებლობა, მაგრამ ჩემი აზრით, ასევე გარკვეული პრაქტიკა არის შესამუშავებელი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას არ კეთდებოდეს სიურპრიზი მთავრობის მხრიდან საპარლამენტო გუნდისთვის. საპარლამენტო გუნდი იყოს ჩართული და მე, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ მხოლოდ და მხოლოდ უმრავლესობას, მე ვგულისხმობ ყველა იმ ადამიანს პარლამენტში, ვისთანაც შესაძლებელია ცივილიზებული დიალოგი, დისკუსია, მოსმენა საწინააღმდეგო არგუმენტების და ასე შემდეგ“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას კითხას, რომ მინისტრთა კაბინეტში პარტიის წევრი მხოლოდ სოზარ სუბარია და თვლის თუ არა პრემიერი საჭიროდ, რომ მომავალში პარტიული რესურსი მეტად იქნას გამოყენებული აღმასრულებელ ხელისუფლებაში, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პარტიის საკითხები სხვა პლატფორმაზე უნდა იქნას განხილული.
„ვფიქრობ, თვითონ პარტიაში არა მგონია ეს ტრიბუნა იყოს საერთოდ ამ საკითხის განხილვის ადგილი. კრიტიკად არ ჩამითვალოთ, მზად ვარ, რომ თქვენთან ერთად განვიხილო პარტიის საკითხები. ზოგდად თუ შემეკითხებით, პარტიის პოლიტსაბჭო ალბათ გასააქტიურებელია, თვითონ პარტიის საკითხები ალბათ სხვა პლატფორმაზე უნდა განვიხილოთ და მე მგონია, ადამიანური რესურსების მართვის კუთხით, მე არ ვიტყოდი, რომ მარტო სოზარ სუბარია ჩვენს მთავრობაში, ვისაც „ქართული ოცნებისადმი“ სიმპათიები გააჩნია, ოფიციალურ წევრობას არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.