გიორგი კვირიკაშვილი - ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტის საბოლოო ვერსია უახლოეს პერიოდში იქნება გატანილი პარლამენტში
გიორგი კვირიკაშვილი - ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტის საბოლოო ვერსია უახლოეს პერიოდში იქნება გატანილი პარლამენტში

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტის საბოლოო ვერსია უახლოეს პერიოდში იქნება გატანილი პარლამენტში, რაზეც  დაპირებები გუშინაც გაიცა, – ამის შესახებ ნარკოპოლიტიკაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

„ნარკოპოლიტიკას რაც შეეხება, გუშინ იყო ამაზე საუბარი და დაპირებებიც იქნა გაცემული, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში, უახლოეს პერიოდში უკვე საბოლოო ვერსია იქნება გატანილი პარლამენტში, რომელიც ითვალისწინებს, ერთი მხრივ მნიშვნელოვან ლიბერალიზაციას და გაცილებით უფრო ჰუმანურ დამოკიდებულებას, მათ შორის სამედიცინო სერვისებით შევსებას, შესაბამისი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის კომისიების ჩამოყალიბებას მომხმარებლების მიმართ. ასევე, ძალიან მკაცრ მიდგომას ნარკორეალიზატორიების და ნარკოტრაფიკის მიმართ, რასაც სახელმწიფო ვერასოდეს შეეგუება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხვალ დაგეგმილია შეხვედრა, სადაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების შესახებ ხელისუფლების გეგმას განიხილავენ.

„ხვალ ჩვენ გვექნება შეხვედრა, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მთავრობის წევრები, შესაძლოა, პარლამენტარებიც დაგვესწრონ, დაესწრება აუცილებლად თბილისი მერი კახა კალაძე. ვისაუბრებთ ხელისუფლების კომპლექსურ გეგმაზე  ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნის და ხელმისაწვდომობის კუთხით. ეს იქნება კომპლექსური საყოველთაო ჩართულობის გათვალისწინებით შედგენილი გეგმა. დარწმუნებული ვარ, კერძო სექტორიც დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვება ამის აღსრულებაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.