გიორგი კვირიკაშვილი - მთავარი პროკურორის გადადგომა უპრეცედენტოა, მინდა მოქალაქეები კარგად დააკვირდნენ განსხვავებას, როგორ რეაგირებს საზოგადოებრივ აზრზე დღევანდელი სახელმწიფო
გიორგი კვირიკაშვილი - მთავარი პროკურორის გადადგომა უპრეცედენტოა, მინდა მოქალაქეები კარგად დააკვირდნენ განსხვავებას, როგორ რეაგირებს საზოგადოებრივ აზრზე დღევანდელი სახელმწიფო

ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის სტანდარტი გამოიჩინა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და თანამდებობიდან მყისიერად გადადგა, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს უპრეცედენტო ფაქტია.

„მინდა მოსახლეობას მივმართო, გააკეთონ შედარება, როდესაც თვეობით იდგა მოსახლეობა ქუჩებში და სახელმწიფოს მხრიდან არ იყო არანაირი რეაგირება, თუ როგორ რეაგირებს საზოგადოების მოთხოვნებზე დღევანდელი ხელისუფლება. მე მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თვისობრივი ცვლილება მოხდა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამასთან, პრემიერი ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი პლატფორმის შექმნას მიესალმა.

„ასევე, ჩვენ მივესალმებით საზოგადოებრივი პლატფორმის შექმნას, რომელმაც ორგანიზებულად უნდა უზრუნველყოს საზოგადოების ჩართულობა და მე ვფიქრობ, კანონი ამის საშუალებას ასევე იძლევა“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე, პრემიერის თქმით,  როგორც დაზარალებული ოჯახების წარმომადგენლები, მათი ადვოკატები, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები შესაძლოა,  დაესწრონ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომებს.

„მნიშვნელოვანია აღნიშნოს, უპრეცედენტოა, რომ საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმცირესობა არის უმრავლესობა და თავმჯდომარე არის უმცირესობის წარმომადგენელი“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, საქართველოში უმნიშვნელოვანესი თვისობრივი პოლიტიკური ცვლილება  მოხდა.

„ასე რომ, ეს უმნიშვნელოვანესი თვისობრივი პოლიტიკური ცვლილება მოხდა ჩვენს ქვეყანაში. მინდა ჩვენი  მოქალაქეები კარგად დააკვირდნენ განსხვავებას, თუ როგორ რეაგირებს საზოგადოებრივ აზრზე დღევანდელი სახელმწიფო, ეს ცვლილება მოიტანა, რა თქმა უნდა, 2012 წელს განხორციელებულმა ძალიან მნიშვნელოვანმა პოლიტიკურმა ტრანსფორმაციამ.

მე, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართველი ხალხის გამარჯვება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც მთავრობის სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგ განვითარებულ მოვლენებსა და სახელმწიფოს რეაგირებაზე ისაუბრა.

 

დატოვე კომენტარი