გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ ყველა ერთად, მშვიდობისა და შერიგების გზით, აფხაზი და ოსი ძმების ნდობის აღდგენით მივაღწევთ სანუკვარ მიზანს და ერთად ვიცხოვრებთ ერთიან საქართველოში
მჯერა, რომ 100 წლის წინ დადებულ ფიცს დღეს ბოლომდე აღვასრულებთ და საქართველო დამკვიდრდება როგორც ძლიერი და შეუქცევადი დემოკრატიის სახელმწიფო, – – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს, როდესაც საქართველოს ორი რეგიონი ოკუპირებულია, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის, მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების, ევროკავშირის გვერდში დგომას.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას მხარდაჭერისთვის, სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში დახმარებისთვის, განსაკუთრებით ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელთან თანამშრომლობაც უპრეცედენტო მასშტაბს იღებს.
დღეს, როცა ჩვენს სამშობლოს ჭრილობები ჯერაც არ მოუშუშებია, ყველაზე მეტად გვჭირდება ერთობა და შეკავშირება. სხვაგვარად ვერ შევძლებთ იმ დიდი მიზნის მიღწევას, რასაც ქვეყნის გამთლიანება ჰქვია. ჩვენ ყველა ერთად,მხოლოდ მშვიდობისა და შერიგების გზით, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების ნდობის აღდგენით მივაღწევთ სანუკვარ მიზანს და მათთან ერთად ვიცხოვრებთ ერთიან საქართველოში.
დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქე ქმნის ისტორიას,ყოველ ჩვენგანს გვაკისრია მისია, რომ 100 წლის წინ ჩაყრილ საძირკველს დავაშენოთ კეთილდღეობასა და სულიერ ძლიერებაზე დამყარებული ქართული სახელმწიფო.
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს უმთავრესი ეროვნული დღესასწაული, 26 მაისი, დამოუკიდებლობის დღე, წელს იმით არის სრულიად გამორჩეული, რომ ქართველი ერი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს ზეიმობს.
„ამ დიდი ისტორიული თარიღის აღსანიშნავად ჩვენთან ერთად არიან საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლების შთამომავლები. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება სამშობლოში!
ვულოცავ ამ ღირსშესანიშნავ დღესასწაულს მთელ საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს, უცხოეთში მცხოვრებ ყველა ჩვენს თანამემამულეს!
განსაკუთრებით ვულოცავ დღევანდელ დღეს ჩვენს წვევამდელებს. საპატიო და ამაღელვებელია ეს დღე მათთვის, ვინც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სამშობლოს ერთგულების ფიცი დადო და საქართველოს ჯარისკაცი გახდა.
მე მჯერა, რომ თქვენ პირნათლად მოიხდით ვალს სამშობლოს წინაშე, თითოეული თქვენგანი ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი იქნება და ღირსეულად ატარებს ქართველი მეომრის საპატიო სახელს. მჯერა, თქვენ ბოლომდე გაუფრთხილდებით მათ სახელებს, ვინც სიცოცხლე შესწირა და სისხლი დაღვარა საქართველოსთვის. ჩვენ ყველანი ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე, სამშობლო არასოდეს დაივიწყებს მათ უკვდავ სახელებს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.