გიორგი კვირიკაშვილი - მივმართავ ახალგაზრდებს, ნარკოტიკების გარდა, უამრავი განზომილება არსებობს, მაინცდამაინც ამ განზომილებას ნუ დაეწაფებით
გიორგი კვირიკაშვილი - მივმართავ ახალგაზრდებს, ნარკოტიკების გარდა, უამრავი განზომილება არსებობს, მაინცდამაინც ამ განზომილებას ნუ დაეწაფებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოუწოდებს ყველას, ვისაც ნარკოტიკი არ გაუსინჯავს, არ გადადგას ეს საბედისწერო ნაბიჯი. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა.

„ცხოვრება არის მშვენიერი და უამრავი საინტერესო რამ არსებობს, არსებობს შემეცნების უამრავი განზომილება და მაინცდამაინც ამ განზომილებას ნუ დაეწაფებით“, – მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა ახალგაზრდებს.

მისი თქმით, ნარკოტიკის მოხმარება არის მომაკვდინებელი სენი, რომელზეც ადამიანებმა უარი უნდა თქვან.

„ჯანსაღი ცხოვრების წესი, განათლება, შემეცნება, აქტიური ჩართულობა სახელმწიფოს ცხოვრებაში არის ის, რასაც ახალგაზრდა უნდა ეწაფებოდეს. მხოლოდ ამას მოგიწოდებთ და გთხოვთ ჩვენს მომავალ თაობას“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ნარკოტიკების წინააღმდეგ ფართო კამპანიის წარმართვა აუცილებელია.

„კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო მთავრობის ყველა წევრს, ცნობილ ადამიანებს, მათ, ვინც ავტორიტეტით სარგებლობს ახალგაზრდებში, მომავალ თაობაში, სპორტსმენებს, მეცნიერებს, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, გავშალოთ ფართო კამპანია ნარკოტიკების წინააღმდეგ“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელია მომავალი თაობის გადასარჩენად.

„ამის გარეშე ჩვენს ქვეყანას და კაცობრიობას მომავალი არ უწერია. ეს არის ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი შვილიშვილებისა და მომავალი თაობისთვის ჩვენს მიერ გასაკეთებელი აუცილებელი საქმე“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.