გიორგი კვირიკაშვილი - მინდა, სამძიმარი ვუთხრა მაჩალიკაშვილის ოჯახს და პატივისცემა დავუდასტურო ქისტ თანამემამულეებს
გიორგი კვირიკაშვილი - მინდა, სამძიმარი ვუთხრა მაჩალიკაშვილის ოჯახს და პატივისცემა დავუდასტურო ქისტ თანამემამულეებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მწუხარება გამოთქვა პანკისის ხეობაში, დუისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გამო.

როგორც დღეს მთვრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, სახელმწიფომ და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად, თუმცა სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა ოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა.

„რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, მინდა, სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს. მინდა, ასევე, ჩემი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს ქისტ თანამემამულეებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში თავიანთი დამოკიდებულებით არაერთხელ დაამტკიცეს საქართველოსა და მისი ინტერესების ერთგულება. ამ სიმტკიცეში არავის შეაქვს ეჭვი და გარწმუნებთ, რომ ბზარის შეტანა შეუძლებელია. ჩვენს საზოგადოებას კარგად ესმის, რომ სახელმწიფო პასუხისმგებელია, საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და ჩვენი სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებენ ამ უპირველესი ვალდებულების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამასთან, როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ჩვენი სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ტერორიზმის საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

პრემიერის განცხადებით, ქართულმა სპეცსამსახურებმა რამდენიმე სპეცოპერაცია ჩაატარეს და თითოეული სწორედ ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილებას ეხებოდა.

„სხდომის დაწყებამდე, მინდა, შევეხო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვან თემას. ეს არის ტერორიზმი – გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენი სახელმწიფოც ყველაფერს აკეთებს ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. რა თქმა უნდა, როდესაც ამ გამოწვევასთან ბრძოლა საკუთარ ქვეყანაში გიწევს, მით უფრო, როდესაც საკითხი ეხება ჩვენს მოქალაქეებს, არის ძალიან მგრძნობიარე და საფრთხილო.  ჩვენმა სპეცსამსახურებმა ჩაატარეს რამდენიმე სპეცოპერაცია და თითოეული მათგანი სწორედ ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილებას ეხებოდა. ამ ოპერაციებს შეეწირა ჩვენი სპეცსამსახურების ერთი თანამშრომელი და დაგვეჭრა – ოთხი. ეს ბიჭები საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას. მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ პირველ რიგში არის სწორედ ხელისუფლების ინტერესი, რომ პროკურატურის ობიექტურმა და ეფექტიანმა გამოძიებამ საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას მაქსიმალურად მოკლე დროში გასცეს პასუხები. ამიტომაც, დღეს, ამ ვითარებაში, წინასწარი განცხადებების თუ წინასწარი დასკვნების გაკეთება აზიანებს სახელწიფო ინტერესებს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთვრობის სხდომაზე.