გიორგი კვირიკაშვილი - მინდა, მადლობა გადავუხადო კახა კახიშვილს შესრულებული სამუშაოსთვის, მის მიერ ჩატარებული რეფორმების აღიარებისთვის
გიორგი კვირიკაშვილი - მინდა, მადლობა გადავუხადო კახა კახიშვილს შესრულებული სამუშაოსთვის, მის მიერ ჩატარებული რეფორმების აღიარებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, კახა კახიშვილს შესრულებული სამუშაოსა და მის მიერ ჩატარებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერის განცხადებით, სფეროებს შორის, რომელთა შესახებ საქართველო სხვა სახელმწიფოებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს, ერთ-ერთი პენიტენციურ დაწესებულებებში გატარებული რეფორმები და წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრაა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, ცოტა ხნის წინ  საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, სტავროს ლამბრინიდისის  ვიზიტი შედგა, რომელიც მისივე შეფასებით, კიდევ ერთი დასტურია ადამიანის უფლებათა  საკითხებში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის.

„ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის სტავროს ლამბრინიდისის მიერ საქართველოში ვიზიტის დროს წარმოდგენილი ინიციატივის – ,,ადამიანის უფლებების დაცვის პოზიტიური მაგალითები“ (Good Human Rights Stories) ფარგლებში, საქართველომ სხვა წარმატებულ 15 ქვეყანასთან ერთად მიიღო წინადადება, მთელს მსოფლიოში, სახელმწიფოებს გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება.  საქართველო შეირჩა როგორც ქვეყანა, რომელმაც კონკრეტულ, მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ადამიანის უფლებათა განმტკიცების პროცესში და ამ მიმართულებით, განაგრძობს ძალისხმევას“, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში იქნება ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირის ამ ინიციატივაში მიიღებს მონაწილეობას.

„ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა რეკომენდაციის სახით თავად გამოყო ის სფეროები, რომელთა გატანაც, მისი მოსაზრებით, შესაძლებელია „ექსპორტზე“, მათ შორის ერთ-ერთი არის პენიტენციურ დაწესებულებებში გატარებული რეფორმები და წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრა.

მინდა, მადლობა გადავუხადო კახა კახიშვილს შესრულებული სამუშაოსთვის, მის მიერ ჩატარებული რეფორმების აღიარებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ამ ინიციატივაში საქართველოს მიწვევა არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს  პოზიტიურად წარმოჩენას, პოზიციების განმტკიცებას საერთაშორისო ასპარეზზე.

„მოხარული ვარ, რომ გვექნება შესაძლებლობა სხვა ქვეყნებს გავუზიაროთ ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების პოზიტიური მაგალითები“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.