კახეთში მსოფლიოში ცნობილი ბრენდების სასტუმროები გაიხსნება
კახეთში მსოფლიოში ცნობილი ბრენდების სასტუმროები გაიხსნება

ტურიზმის განვითარება მთავარი პრიორიტეტია რეგიონისთვის. კახეთს ნამდვილად აქვს ამის უზარმაზარი პოტენციალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თელავში, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საქალაქო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, წელს გაიხსნება მსოფლიოში ცნობილი ბრენდების სასტუმროები: ,,რედისონი წინანდალი“, ,,ჰოლიდეი ინი თელავი“;

მისივე თქმით, 2019 წელს კახეთს შეემატება სასტუმროები ,,გოლდენ ტიულიფი“ და ,,ვილა გოდოლი“.

„ახალი სასტუმროების გახსნის შედეგად კახეთის სასტუმრო ობიექტებს 640 საწოლ-ადგილი დაემატება, რაც გაზრდილი ტურისტული ნაკადისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. კახეთში ასევე დაგეგმილია ათეულობით პატარა კერძო შატოს და მარანის, მცირე  ჰოსტელების და სასტუმროების მშენებლობა, რაც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი მოსახლეობისთვის და ასევე, ტურიზმის სფეროს განვითარებისთვის. მე უკვე ვთქვი და მინდა ახლაც გითხრათ, რომ ჩვენ განვიხილავთ კახეთში აეროპორტის მშენებლობას და ასევე, ვფიქრობთ თბილისი-საგარეჯო-გურჯაანი-თელავის სარკინიგზო გზის აღდგენის პერსპექტივაზე. იცით, რომ თუშეთში შენდება ახალი გზა, რომელიც თბილისიდან სამჯერ შეამცირებს საავტომობილო მგზავრობის ხანგრძლივობას თუშეთის მიმართულებით, ააღორძინებს და ახალ სიცოცხლეს შემატებს პანკისის ხეობას. ყოველივე ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ უპრეცედენტოდ მზარდ ტურისტულ ნაკადს რეგიონში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, თუშეთის განვითარება, ზამთრის ტურისტული პროექტების დაგეგმვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გარემოს, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ აქტივობას ამ ულამაზეს კუთხეში.

„კახეთი მალე გახდება ოთხივე ტურისტული სეზონის მასპინძელი მხარე. ესაა ის კონკრეტული საქმე, რომელიც ჩვენი, ყველას ერთად მუშაობით შესრულდა. მინდა, რომ ყველა თქვენგანმა ამ გაკეთებული საქმის აქტიურ მონაწილედ იგრძნოს თავი. ყველას უნდა ჰქონდეს სიამაყის გრძნობა. ეს ყველაფერი არაა და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა მივაღწიოთ აღმოსავლეთ ევროპის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცხოვრების დონეს და ეს არის რეალობა. იმ სტაბილურობით, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მოიტანა, იმ ეკონომიკური ზრდის ტემპით, რომელიც შარშან დაფიქსირდა და წელს შესაძლოა, უფრო მეტიც იყოს, დამერწმუნეთ, ეს არის რამდენიმე წლის საქმე, რომ ჩვენ მაქსიმალურად დროზე მოვიყვანოთ დაპირებული კეთილდღეობა საქართველოს თითოეულ ოჯახში. ეს არის ჩვენი ამოცანა”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.