გიორგი კვირიკაშვილი - ეკლესიის ჩართულობით და უწმინდესობის ხელმძღვანელობით უნდა ვიპოვოთ ქვეყანის გადარჩენის გზა
გიორგი კვირიკაშვილი - ეკლესიის ჩართულობით და უწმინდესობის ხელმძღვანელობით უნდა ვიპოვოთ ქვეყანის გადარჩენის გზა

ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ეკლესიის ჩართულობით და მისი უწმინდესობის ხელმძღვანელობით, რომ ვიპოვოთ სწორი გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს, – ამის შესახებ საქართველოს -პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საპატრიარქოში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, განათლების სისტემა ვერ იქნება განყენებული საზოგადოებისგან და პირველ რიგში საზოგადოების ცნობიერებაზე არის საზრუნავი.

“ყურადღებით გავეცანით საპატრიარქოს განცხადებას ცნობილი მოვლენების შესახებ და მთლიანად ვიზიარებთ იმ სულისკვეთებას, რომელიც ამ განცხადებაში არის მოცემული. განათლების სისტემა ვერ იქნება განყენებული საზოგადოებისგან და რა თქმა უნდა, პირველ რიგში საზოგადოების ცნობიერებაზე არის საზრუნავი. დღეს, სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში მსჯელობაც არ მიმდინარეობს ვინაიდან, მსჯელობის კულტურაც არის ის, რისი აღდგენაც ჩვენ ყველას ერთად გვმართებს. ეს არის რთული პროცესი, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, ეკლესიის ჩართულობით და მისი უწმინდესობის ხელმძღვანელობით, რომ ვიპოვოთ ის სწორი გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს. ამ გზას დიდი ძებნა არ სჭირდება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს სასულიერო და საერო ხელისუფლებებს შორის ურთიერთობის, თანამშრომლობის ის მოდელი, რომელმაც ქვეყანა დღემდე მოიყვანა.

“მე ამაზე მისაუბრია და მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მოკრძალებით განვაცხადო, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი ეკლესია არის ჩვენი ქვეყნის იდენტობის შემნარჩუნებელი, გადამრჩენი და ჩვენი ქვეყნის სულიერი მამოძრავებელი ძალა. ინსტიტუციურად, რა თქმა უნდა, ეკლესია და ხელისუფლება არის ცალ-ცალკე ინსტიტუციები, მაგრამ მსოფლმხედველობრივად, შეუძლებელია და არც არავინ უნდა მოისურვოს ამ კავშირის გაწყვეტა, რომელმა კავშირმაც ჩვენ ჩვენი ქვეყანა შემოგვინახა. სწორედ ამ კავშირის განვითარება და გაძლიერება უნდა ვისურვოთ ყველამ. ეს კავშირი, რა თქმა უნდა, არის საგანმანათლებლო სისტემასა და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის და ამ კავშირის გაძლიერება არის ჩვენი ამოცანა, რა თქმა უნდა, სწორი ფორმით და სწორი თანამშრომლობით”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

დატოვე კომენტარი