გიორგი კვირიკაშვილი - დღეს პარლამენტში მოვედით იმიტომ, რომ პატივს ვცემთ ამ ინსტიტუციას
გიორგი კვირიკაშვილი - დღეს პარლამენტში მოვედით იმიტომ, რომ პატივს ვცემთ ამ ინსტიტუციას

მიგვაჩნია, რომ ოპოზიციასთან დიალოგი არის ძალიან მნიშვნელოვანი და დღეს პარლამენტში მოვედით იმიტომ, რომ პატივს ვცემთ ამ ინსტიტუციას, –  ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა  გიორგი კვირიკაშვილმა გიგა ბოკერიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რატომ მივიდა დღეს პარლამენტში.

„ჩვენი შეხვედრა არის საჯარო, ჩვენს მოსახლეობას ვამცნოთ ჩვენი გეგმების შესახებ, ჩვენს მიერ დასრულებული პროექტებისა და განსახორციელებელი ნაბიჯების შესახებ“, – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობას არც ერთ მომენტში არ დაუფიქსირებია პარლამენტისადმი უპატივცემულობა. პრემიერის თქმით, მინისტრთა კაბინეტის წევრები შეიძლება გამოძახებისთანავე ვერ მივიდნენ პარლამენტში და კანონით არ არის განსაზღვრული, რა პერიოდში უნდა მივიდნენ.

„ამიტომ ჩვენ არასდროს გამოგვითქვამს უარი, რომ კონსტრუქციულ განხილვაში ჩავერთოთ თქვენთან. მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, ხშირად ოპოზიციის მხრიდან ხდება ხოლმე ისეთი მგრძნობიარე თემებით მანიპულირება და პოლიტიზაცია, როდესაც სახელმწიფოებრივ ინტერესებს ეხება ხოლმე საქმე. ასეთი შემთხვევა არაერთხელ ყოფილა და არ დაგიმალავთ, ასეთ დროს შეიძლება შეგნებულად საჯარო განხილვას თავი ავარიდოთ. ეს არის გულახდილი პასუხი“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, ერთი წლის განმავლობაში მთავრობამ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, საპარლამენტო რესპუბლიკაზე მთლიანად ქვეყნის გადასვლასთან ერთად, თანდათანობით რა თქმა უნდა, იცვლება ურთიერთობის, კომუნიკაციის სიხშირე და ხარისხიც.

„ეს რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თვისობრივი ცვლილებაა, რომელსაც მინისტრთა კაბინეტი თანდათან ახორციელებს და დარწმუნებული ვარ, ამას თქვენც დაინახავთ კომუნიკაციაში. გიდასტურებთ, ჩვენ ალბათ უფრო ხშირად ვიქნებით პარლამენტში უმცირესობის და უმრავლესობის ფორმატშიც. მაგრამ თქვენც მოგიწოდებთ, როცა ძალიან კარგად იცით, რომ არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი და არ ღირს იმ საკითხით მანიპულირება, იქნებ ცოტა უფრო სახელმწიფოებრივად მიუდგეთ ხოლმე საკითხებს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა გიგა ბოკერიას ასევე შეახსენა, რომ ბოკერიას მხრიდან შავ-ბნელ დროზე საუბარი მიუღებელია.

„საქართველომ გაიარა ეს დრო. დღეს სულ სხვა ვითარებაა“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.