გიორგი კვირიკაშვილი - დღეს მედიასაშუალებებში პოზიტივი არის არამოდური
გიორგი კვირიკაშვილი - დღეს მედიასაშუალებებში პოზიტივი არის არამოდური

საქართველო შეუქცევადად მიიწევს წინ და ახალ წარმატებებს აღწევს,  – ამის შესახებ ქუთაისში, პარტიის რეგიონულ კონფერენციაზე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არის მიღწევები და ჩავარდნები, მაგრამ ქვეყანა თანმიმდევრულად მიდის წინ.

პრემიერმა განსაკუთრებით აღნიშნა, საქართველოს საგარეო პოლიტიკაში მიღწეული წარმატებები და განაცხადა, რომ ეს ნიშნავს ცივილიზებული სამყაროს მხრიდან გამოხატულ ნდობას საქართველოში განხორციელებული რეფორმებისადმი.

„განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საგარეო პოლიტიკაში მიღწეული წარმატებები – ასოცირების ხელშეკრულება, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა და საბოლოოდ, ევროპასთან უვიზო  მიმოსვლა, რაც, უვიზო მიმოსვლის გარდა არის მნიშვნელოვანი ნდობა ცივილიზებული სამყაროს  მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი, ჩვენი ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმებისადმი“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამასთან, მისი შეფასებით, ახლახან მიღებული კონსტიტუცია, დემოკრატიის სხვა ხარისხს ამყარებს ქვეყანაში.

„ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ადამიანი იყოს უფრო მეტად დაცული, რომ ყველა ადამიანის პოტენციალმა შეძლოს, იპოვოს გზა და ყველა ადამიანმა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, 2012 წლიდან საქართველოში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა.

„ეს გარდატეხა უპირველესად აისახა ადამიანის უფლებების სულ სხვა ხარისხით დაცულობაში და რა თქმა უნდა, ეკონომიკური განვითარების სხვა წინაპირობების შექმნაში, რაც პირველ რიგში, გულისხმობს საკუთრების დაცულობას და ადამიანის თავისუფლების სხვა ხარისხს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა რეგიონების გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება ხელისუფლების ახალი რეფორმების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა.

გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობაზე ისაუბრა, ყოფილ რწმუნებულ გივი ჭიჭინაძეს მადლობა გადაუხადა და ვანისა და ხონის ოლქში შუალედურ არჩევნებში წარმატებები უსურვა.

პრემიერმა იმერეთის რეგიონში განხორციელებულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიმდინარე და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონს  განვითარების შესაძლებლობებს აძლევს.

ამასთან, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დღეს მედიასაშუალებებში პოზიტივი არამოდურია.

„სამწუხაროდ, ყოველთვის ნეგატივზე კეთდება აქცენტი. თუმცა, როდესაც თვალს გადავავლებთ რა გაკეთდა, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ჩვენგანს აქვს საამაყო გაკეთებული საქმეების გამო“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის რეგიონულ კონფერენციაზე.