გიორგი კვირიკაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
გიორგი კვირიკაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაური შვეიცარიის კონფედერაციაში უკვე გაემგზავრა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა დისკუსიაზე – Strategic Outlook – Eurasia.

დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთან, ევროკომისიის ხელმძღვანელ პირებსა და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დამფუძნებლებთან.

გიორგი კვირიკაშვილი დავოსის ფორუმზე საქართველოს დელეგაციას უკვე მესამედ უხელმძღვანელებს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე და „თანაინვესტირების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი არიან.

ფორუმს წელს რეკორდული რაოდენობის პოლიტიკური ლიდერი, ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენელი დაესწრება.

2000 წლის შემდეგ პირველად, დავოსში ჩასვლას გეგმავს შეერთებული შტატების პრეზიდენტი. 18 წლის წინ ფორუმს ბილ კლინტონი სტუმრობდა, ახლა კი შვეიცარიაში ჩასვლას დონალდ ტრამპი აპირებს.

1997 წლის შემდეგ, ფორუმში მონაწილეობა არ მიუღია ინდოეთის პრემიერ-მინისტრს და ამ „ტრადიციას“ წელს ნარენდრა მოდი დაარღვევს.

წინასწარი ინფორმაციით, დიდი შვიდეულის ლიდერებიდან დავოსში მხოლოდ იაპონიის პრემიერ-მინისტრი არ ჩავა.

ფორუმზე სიტყვით გამოვლენ კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი პაოლო ჯენტილონი.

დავოსში ჩადიან მონარქებიც, მათ შორის ესპანეთის მეფე ფილიპე VI და იორდანიის მეფე აბდულა II.

რუსეთის დელეგაციას ფორუმზე ვიცე-პრემიერი არკადი დვორკოვიჩი უხელმძღვანელებს.

ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ, დავოსში ჩადის სომხეთის დელეგაცია პრემიერ-მინისტრის, კარენ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით.

ღონისძიებებში მონაწილეობენ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

ფორუმში მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები – გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ჯიმ იონგ კიმი.

დავოსის ფორუმის სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესმენი ბილ გეითსი, მომღერალი ელტონ ჯონი და მსახიობი კეიტ ბლანშეტი.