გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ ვჩნდებით ზამთრის სპორტის სახეობების, ზამთრის ტურიზმის მიმართულებების მსოფლიო რუკაზე
გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ ვჩნდებით ზამთრის სპორტის სახეობების, ზამთრის ტურიზმის მიმართულებების მსოფლიო რუკაზე

ჩვენ ვჩნდებით ზამთრის სპორტის სახეობების, ზამთრის ტურიზმის მიმართულებების მსოფლიო რუკაზე – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავისუფალი სტილით სრიალში –თხილამურსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში გამართვასთან დაკავშირებით განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა.

„არ შემიძლია, არ მოგილოცოთ ის წარმატება, რომელიც გუშინ, საღამოს საბერძნეთში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებით, 2023 წელს საქართველო იქნება მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში.

კონკრეტულად იყო ნათქვამი, რომ ბაკურიანი და გუდაური ხდება მსოფლიო მიმართულება. ეს გადაწყვეტილება არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებას, თანამედროვე ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას და არა მხოლოდ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ზამთრის მიმართულებებით გახდეს ცნობადი, არამედ ეს არის გადაწყეტილება, რომელსაც საქართველო გადაჰყავს უმაღლეს ლიგაში და ჩვენ ვჩნდებით ზამთრის სპორტის სახეობების, ზამთრის ტურიზმის მიმართულებების მსოფლიო რუკაზე. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას“, – განაცხადა პრემიერმა.

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თავისუფალი სტილით სრიალში – თხილამურსა და სნოუბორდში საქართველოს სამთო კურორტები – ბაკურიანი და გუდაური უმასპინძლებს. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ (FIS) საბერძნეთში გამართულ კონგრესზე მიიღო.